გიორგი ბახტურიძე: “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ ძირითადი დამრღვევი სათამაშო ბიზნესია, გამოსავლის პოვნას ყველანაირად ცდილობენ

„სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსის“ წევრის, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“კანონის ძირითადი დამრღვევი სათამაშო ბიზნესია. ამის შესახებ ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„დარღვევების ორგანიზატორი, ძირითადად, თავად ეს ბიზენსია. მოგეხსენებათ, ეს რა ტიპის ბიზნესია, გამოსავლის პოვნას ყველანაირად ცდილობენ, მათ შორის განრიდების სიაში, ან თვითაცილების სიაში მყოფ პირებსაც კი ათამაშებენ, საჯარო მოხელეებსაც კი პირადად ეკონტაქტებიან და „ექუნთის“ გახსნას, თამაშის თავიდან დაწყებას აიძულებენ. არის ასეთი შემთხვევებიც და ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო საქმის კურსშია. სამწუხაროდ, ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არაა, ამიტომ, მოვუწოდებთ, ნებისმიერ ადამიანს, ოჯახს, რომელიც დაზარალებულია, ან ამ პერიოდში გარკვეულ პრობლემებს აწყდება იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრები თამაშს კვლავ აგრძელებენ, მათ შორის ონლაინ რეჟიმში, მოგვმართონ, ან პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ, ნებისმიერი დარღვევის შესახებ აცნობონ. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფოს და დონორ ორგანიზაციებს, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგი გაძლიერდეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-25 კაცი მაინცაა საჭირო, რომ სახმელეთო სათამაშო ბიზნესი ინტენსიურად შეამოწომოს. სახელმწიფო სტრუქტურებს სხვა ფუნქციები აქვთ, ისინი დარღვევებზე რეგირებას ახდენენ, თუ ჩვენ რაიმე დარღვევის ფაქტს აღმოვაჩენთ. მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კუთხით მოქალაქეების გააქტიურებაა.

ასევე აუცილებელია ონლაინკაზინოების ლიცენზირების საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს. ეს სახელმწიფოს გარკვეულწილად ფულის გათეთრების და ამ კუთხით არსებული დანაშაულების შეზღუდვის საშუალებას მისცემს. მოგეხსნებათ, ონლაინკაზინოები და ზოგადად, სათამაშო ბიზნესი ბუნებით კრიმინალური ბიზნესია. ამ ბიზნესში ერთ-ერთი მიმართულება, რისკი ფულის გათეთრება გახლავთ.
უახლოეს მომავალში აუცილებელია, მაქსიმალურად, ტექნიკური საშუალებებით მოხდეს ის, რომ საერთაშორისო ონლაინთამაშების გვერდებზე ჩვენს მოქალაქეებს წვდომა არ ჰქონდეთ, რათა მოთამაშეების გადადინება და გარკვეული ფინანსური რესურსების ქვეყნის გარეთ გადინება არ მოხდეს. ამის ალბათობა არსებობს. ასევე არსებობს ტექნიკური საშუალებები, რათა ეს მიმართულება ჩაიკეტოს. უახლოეს პერიოდში სახელმწიფომ უნდა იფიქროს, რომ იყოს გარდამავალი ეტაპი , 3-5 წლის შემდგომ კი ონლაინკაზინოები საერთოდ აიკრძალოს, სახმელეთო უფრო კონტროლირებადია, სახელმწიფო მათ კონტროლს უფრო მეტად ახდენს, ონლაინის კონტროლი კი რთულია. შესაძლებელია, ახლა გარდამავალი ეტაპი იყოს და რაღაც პერიოდის შემდეგ ონლაინკაზინოები საეროდ აღარ უნდა არსებობდეს. ისეთი მოწყვლადი ჯგუფი როგორიც ახალგაზრდებისაა , შეიძლება, გარკვეულწილად, ამით სარგებლობდეს“ – განაცხადა ბახტურიძემ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაციაა შეტანილი.

„პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები. 1 მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1 მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
• აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად
2022 წლის 1 მარტიდან, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8³ მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად: აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება. დასაშვები გახდა მხოლოდ:
• იმ ვებგვერდზე, რომელზეც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
• იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
• სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
• საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე“ – წერია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები