ქაშვეთის ტაძარში წმინდა მარინეს ეკლესიის დაზიანებული იატაკის რეაბილიტაცია დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქაშვეთის ტაძრის პირველ სართულზე მდებარე წმ. მარინეს ეკლესიის დაზიანებული იატაკის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.
რეაბილიტაციის პროცესში მოიხსნა ტაძრის იატაკის დაზიანებული და, ასევე, სხვადასხვა დროს შეკეთებული ნაწილები, გაკეთდა შურფები, რამაც სააგენტოს საშუალება მისცა, აღედგინა ჩაქცეული აკლდამის კედელი. იატაკის დაზიანებული ნაწილები ამოივსო სხვადასხვა ფრაქციის ღორღით და, ავთენტიკურობის დაცვით, გაკეთდა ახალი მოზაიკა. განხორციელდა იატაკის იმ ადგილების დაბურღვა და სიცარიელის ინექტირება, სადაც ზედაპირი დაზიანებული ჯერ არ იყო. ასევე, მოხდა საფლავის გატეხილი ქვის ფილების რესტავრაცია და წარწერების განახლება, ტაძრის მთლიანი იატაკის არსებული ბზარების გასუფთავება და რესტავრაცია. წარწერები ვერ იქნა აღდგენილი რამდენიმე ადგილას, ვინაიდან ისინი უკვე იყო გადაშლილი.
ინფორმაციისთვის, რეაბილიტაციის მწვავე აუცილებლობა რამდენიმე თვის წინ ტაძრის იატაკზე არსებული დაზიანებების გაუარესებამ განაპირობა. კერძოდ, წმ. მარინეს ეკლესიის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით იატაკმა დაიწია, რის გამოც, მიზეზის დასადგენად გაიჭრა შურფი და გამოვლინდა ოთხი სხვადასხვა პერიოდის სამარხი, გამართული აკლდამებით, რომელთაგან, ყველაზე ქვემოთ მდებარე იყო ჩაშლილი. ამასთან, იატაკის საფარის ქვეშ არაერთ ადგილას არსებობდა სიცარიელე, რაც ტაძრის იატაკის სტაბილურობას უქმნიდა საფრთხეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები