კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ბერნის მერს შეხვდა

დედაქალაქის მერი – კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ, ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე, ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დედაქალაქის მერმა ფონ გრაფენრიდს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს.

„მიხარია, რომ ჩვენს ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე პრაქტიკაში სრულდება. გვაქვს შესაძლებლობა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ვიზიტი „თბილისობის“ დღეებს ვერ დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოახდენს. დღეს და ხვალ გვექნება საშუალება, ერთად დავათვალიეროთ დედაქალაქის კონკრეტული ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ბერნის მერმა თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი საკითხია.

„მიხარია, რომ ქალაქებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სრულდება და ერთმანეთისთვის ნარჩენების მართვის კუთხით, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ქალაქი ნამდვილად მოგვეწონება – ქალაქი, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით. ჩამოვედი მხარდაჭერის გამოსახატად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ ინფრასტრუქტურის თემას. ინფრასტრუქტურის განვითარება ხალხის კეთილდღეობისთვის ამოსავალი წერტილია. გვაქვს გეგმები, როგორ გავაუმჯობესოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ბერნის მერმა.

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ გააცნეს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა შეიმუშავა. ორმხრივ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე – ანდრია ბასილაია, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში – რევაზ ლომინაძე, ბერნის ნარჩენების მართვის საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე – ბით ამანი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი – დავით ფაჩულია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები