საქართველო-ავსტრიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან, სტუმრებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები გააცნეს. ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა. მისი თქმით მეგობრობის ჯგუფების ფორმატში ავსტრიელი კოლეგების ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

„ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაშიც ბევრი ავსტრიელი მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა. ავსტრიელმა პარლამენტარებმა აღგვითქვეს, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: ავთანდილ ენუქიძე, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები