ურთიერთბრალდებები და სარქსიანის კითხვა ალიევს – სოჭის შეხვედრის დეტალები
ვლადიმერ პუტინს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სოჭში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა თითოეულ პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრები გამართა.
რუსეთის სახელისუფლებო ოფიციალურმა საიტმა „kremlin.ru“ დღეს სამხრივი მოლაპარაკების საუბრის დეტალები გაახმაურა. „კვირა” მოლაპარაკების ტექსტის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ :
ვ.პუტინი: პატივცემულო ილჰამ ჰეიდარის ძევ! პატივცემულო სერჟ აზატის ძევ! მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ, რუსეთში თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობისათვის. გუშინ ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობაში გვესაუბრა სომხეთის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. საღამოს კიდევ არაფორმალურად გვქონდა ურთიერთობა. მართალია, მადლობა ღმერთს, გუშინ საღამოს არ მიგვიმართავს საქმიანი ხასიათის საკითხებისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, იყო საშუალება ერთმანეთთან სხვადასხვა თემებზე გვესაუბრა . ჩემი თვალთახედვით, ეს ქმნის განსაზღვრულ ატმოსფეროს იმისათვის, რათა ვისაუბროთ რეგიონალური დარეგულირების ყველაზე რთულ, მძიმე საკითხებზე. ბუნებრივია, არსებობს ყარაბაღის დარეგულირების ამ პრობლემების გადაწყვეტის საერთაშორისო ფორმატები და ჩვენ უდავოდ პატივისცემით ვეპყრობით ამ საერთაშორისო ფორმატებს და ჩვენ კოლეგებთან მუშაობას გავაგრძელებთ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაინც გვაქვს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა, ღრმა წინაისტორია, ეს ნების მომცემია იმისა, რომ ჩვენთვის ღიად გავცვალოთ აზრი იმის შესახებ, თუ სად ვიმყოფებით და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიაროთ წინ ყველა ამ პრობლემის დასარეგულირებლად, წარსულიდან რომ დაგვრჩა… ყოველშემთხვევაში, მე მგონია, რომ ეს სასარგებლოა. ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა და მე ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით და თქვენთან ყველა ამ თემაზე საუბრით. თუკი რაიმეს დაამატებდით – გთხოვთ.
ი.ალიევი : გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულებით. როგორც გუშინ ჩვენ განვიხილეთ, ეს საკითხი მოგვარებას მოითხოვს. ის გაიწელა ძალიან დიდხანს. ვიმედოვნებ, ამ პროცესში თქვენი პირადი ჩართულობა ახალ ბიძგს მისცემს მოლაპარაკების პროცესს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე არსებობს მოლაპარაკებების ფორმატები, ასევე, არსებობს კონფლიქტის დარეგულირების იურიდიული ბაზა. აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ და უსიტყვო გამოყვანის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო. სამწუხაროდ, ოც წელზე მეტი გავიდა – ეს რეზოლუციები ისევე დარჩნენ ქაღალდზე. მინსკის ჯგუფი მისი თანათავჯდომარეების სახით მუშაობს , ცდილობს დააახლოოს მხარეები , მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოსდით. ამიტომაც მე ვფიქრობ , რომ რუსეთს, როგორც ჩვენ ახლო მეგობარს, პატრნიორს და მეზობელს, დარეგულირების პროცესში აქვს რა თქმა უნდა განსაკუთრებული როლი. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში მოლაპარაკების გზით, სამშვიდობო გზით, ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც შესაბამისი იქნება საერთაშორისო სამართლის და ასევე შესაბამისი იქნება სამართლიანობისა. გმადლობთ…
ს. სარქსიანი : გმადლობთ , ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენი მცდელობისათვის და ამდენად რთულ პერიოდში ყარაბაღის საკითხისადმი თქვენი ყურადღების მიპყრობისათვის. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ, სომხეთის მხარე ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ვთვლით, რომ სინამდვილეში კონფლიქტი შეიძლება გადაწყდეს, უნდა გადავწყვიტოთ კომპრომისულ საფუძველსა და იმ პრინციპებზე, რომლებიც ჩვენ მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა შემოგვთავაზეს. აზერბაიჯანული მხარე მუდმივად მიუთითებს გაეროს ოთხ რეზოლუციაზე, მაგრამ მე ბატონ ალიევთან ასეთი რიტორიკული შეკითხვა მაქვს: ამ რეზოლუციებიდან რომელი პუნქტი შეასრულა აზერბაიჯანმა? რეზოლუციის პუნქტების ერთადერთი შემსრულებელია – სომხეთი, რომელმაც გამოიყენა თავისი გავლენა, რომ შეეწყვიტა საომარი მოქმედებები. და თუკი ჩვენ დავუბრუნდებით 90- იანი წლების დასაწყისის მოვლენებს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ იქნება კარგი, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა რაღაც გაიწელოს. კარგი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ მივედით დასკვნამდე, რომ კონფლიქტი არ გადაწყდება საომარი გზით. მაგრამ თუ ჩვენ ისევ დავიწყებთ ერთმანეთის დადანაშაულებას, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდხანს არ მოგვარდება კონფლიქტი. მე თქვენი მადლობელი ვარ, რომ თქვენ განწყობილი ხართ ამ საკითხის გადასაჭრელად. ამ საკითხის გადაწყვეტა სომხეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. გმადლობთ.
ვ.პუტინი : – მე სიამოვნებით ვადასტურებ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყურადღება მიაქცია პრობლემის სამშვიდობო გზით გადაწყვეტის აუცილებლობას და ახლა თქვენც ამის შესახებ განაცხადეთ. ეს სინამდვილეში ყველაზე მთავარია, რადგანაც არ არის იმაზე მეტი ტრაგედია, ვიდრე ადამიანების დაღუპვა და მაინც უნდა გამოვიდეთ იქედან, რომ კონფლიქტური სიტუაცია დიდი ხანია შეიქმნა. ასევე შეიძლება ითქვას და უნდა ითქვას, რომ შეგვრჩა როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა და უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, სიბრძნე, ერთმანეთის პატივისცემა იმისათვის, რათა ეს გამოსავალი ვიპოვოთ. ეჭვგარეშეა, თუკი არსებობს კეთილი ნება, ყველა რთული სიტუაცია შეიძლება გადაიჭრას. მე მგონია, რომ ასეთი კეთილი ნება აზერბაიჯანელი ხალხის მხრიდან, სომეხი ხალხის მხრიდან არსებობს. ასე რომ მოდით მოვილაპარაკოთ ამ შემადგენლობით, ხოლო შემდეგ ჩვენ კოლეგებთან კიდევ ცოტა ჩამოვსხდებით, მივიღებთ რჩევებს.