გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციის და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან წარმოებული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობის მთელი ეს კამპანია, რაც რუსულ სანქციებთან არ მიერთებაშია ასახული, ატარებს წმინდა სპეკულატიურ ხასიათს

ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ მეტად არის გაზრდილი, საქართველოში მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია, – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“უკრაინაში მიმდინარე ომის, ფაქტობრივად, ახალ ფაზაში გადასვლის და საერთაშორისო სანქციების ახალი და გამკაცრებული პაკეტის ფონზე, მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება რუსული ენერგომატარებლების იმპორტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციების პირობებში.

Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, მათ შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად 51.6 მილიარდი ევრო.

აღსანიშნავია, რომ სულ ომის დაწყებიდან 6 თვეში – 24 თებერვლიდან 24 აგვისტოს ჩათვლით მთლიანობაში რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, აღნიშნულ შემოსავლებში ევროკავშირის წილი 54%-ია. როგორც ვხედავთ რუსული ენერგომატარებლების ყველაზე დიდი იმპორტიორები მიუხედავად დაწესებული სანქციებისა, ჩინეთთან, თურქეთთან და ინდოეთთან ერთად, რომლებიც სანქციებს არ შეერთებიან ევროკავშირია. https://crea.shinyapps.io/russia_counter/

საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის იმდენად საგრძნობია, რომ მან მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა რუსულ ნავთობპროდუქტებზე. მარტის შემდეგ საფასო სხვაობა რუსულ და ევროპულ ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45% – ით, 30 დოლარზე მეტია. ამასთან, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების ნაწილში: უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში და თურქეთში რუსული ნავთობის იმპორტი არა თუ შემცირება, პირიქით გაიზარდა, რამდენადაც ბიზნესი ცდილობს ძვირი პროდუქტის შედარებით იაფი წყაროებით ჩანაცვლებას.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციის და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან წარმოებული ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობის მთელი ეს კამპანია, რაც რუსულ სანქციებთან არ მიერთებაშია ასახული, ატარებს წმინდა სპეკულატიურ ხასიათს.

ევროპის ქვეყნებს სულაც თავი, რომ დავანებოთ, შედარებით იაფი რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის გარეშე, საქართველოში ბენზინის ფასი საშუალოდ 60 თეთრით უფრო ძვირი ეღირებოდა, ზოგ პერიოდში კი ფასი ლარზე მეტითაც მოიმატებდა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ბაზარი დივერსიფიცირებულია და მას სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილიდანაც, რუმინეთი, ბულგარეთი, ვიღებთ.

ნიშანდობლივია, რომ საფასო სხვაობისა და მოხმარების გათვალისწინებით, საქართველოში კერძო სექტორის და მომხმარებლების დანაზოგი ნავთობპროდუქტების იმპორტზე ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს და შესაბამისად, ნავთობპროდუქტების იმპორტის მაჩვენებლის ზრდა თანხობრივ გამოხატულებაში უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა გაცილებით იაფი რუსული არასანქცირებული ნავთობპროდუქტების იმპორტი.

ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა ატარებს ორმაგ ნეგატიურ ეფექტს, მნიშვნელოვნად გაზრდიდა წნეხს ინფლაციაზე, ასევე ბიზნესის შუალედური ხარჯების ზრდის გზით გამოიწვევდა მნიშვნელოვან მიწოდების შოკს, რაც თავის მხრივ შეამცირებდა ეკონომიკურ აქტივობას და დასაქმებას ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობაში მძიმე სოციალურ მდგომარეობას შეუწყობდა ხელს.

რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულების ხარისხს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, ის იგივე ევროკავშირისაგან განსხვავებით, დღეს მინიმალურია. მეტიც, რუსული აირის იმპორტი აგვისტოს ჩათვლით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტითაა შემცირებული. ამასთან, იმ ფონზე, როდესაც ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ მეტად არის გაზრდილი, საქართველოში მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები