სოსო არჩვაძე: რომ არა რუსული ნავთობი, საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 0.6-1.0 ლარით უფრო ძვირი ეღირებოდა

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველო ენერგორესურსების მხრივ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ადგილობრივი წარმოების ნავთობი, ჩვენი მთლიანი მოხმარების მხოლოდ 2.2 პროცენტია. შესაბამისად, ენერგორესურსების იმპორტის მასშტაბი დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე მათი ფასების დინამიკაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს იმპორტირებულ ენერგორესურსებში გაცილებით მეტს ვიხდით.

“ეს ერთის მხრივ, უკავშირდება ქართული ეკონომიკის ორნიშნა ზრდას, მეორეს მხრივ – მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების მატებას.
გასულ წელთან შედარებით ამ უმნიშვნელოვანესი რესურსის მსოფლიო ფასი საშუალოდ ერთნახევარჯერ გაიზარდა. ამ პირობებში, ქართული ბიზნესის ქცევის ალგორითმი მთლიანად განპირობებულია ბიზნესის საჭიროებისათვის ენერგიის რაც შეიძლება იაფი წყაროების მოძიებით და გამოყენებით.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ წყაროს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.

მიუხედავად მთელი რიგი სანქციებისა, რუსულ ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი… მარტო ევროკავშირმა რუსეთისაგან წლის დასაწყისიდან უკვე შეიძინა 51.6 მლრდ. ევროს ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
საქართველო, ქართული ბიზნესი ახდენს რა ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირებას, შეიძენს შედარებით იაფ რუსულ ნავთობსაც, რითაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასების საგრძნობი გაიაფება. რომ არა რუსული ნავთობი, საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი დაახლოებით 0.6-1.0 ლარით უფრო ძვირი ეღირებოდა. ეს კი სერიოზული დარტყმა იქნებოდა ქართველი მომხმარებლებისა და ქართული ბიზნესისათვის, გაზრდიდა ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულებას და გაართულებდა მის კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე.

მთლიანობაში, შედარებით იაფი ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზე, საქართველოში კერძო სექტორის და მომხმარებლების დანაზოგი ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.
რომ არა ნავთობპროდუქტების დასახლებული შედარებით იაფი წყარო, სერიოზულად გაუარესდებოდა მოსახლეობის კეთილდღეობა და მკვეთრად შემცირდებოდა დასაქმების დონე ქვეყანაში.

ისე, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, საქართველოს წელს 15 აშშ დოლარით ნაკლები ნავთობი და ნავთობპროდუქტის იმპორტი აქვს განხორციელებული რუსეთიდან, ევროკავშირთან შედარებით…” – წერს არჩვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები