ვალერი ზალუჟნი: ყველას გავანადგურებთ, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა
რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე, იბრძოლონ თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებენ ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზაციის ფარგლებში“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ.
„მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და სათანადოდ შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ამიტომ, აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის არცერთი განცხადება არ იმოქმედებს ჩვენს მზადყოფნაზე, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამასთან, კრემლის ლიდერის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს, თუმცა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს.