„მუდმივი კავშირი ხელოვნებასთან“ – გამოფენა გაიხსნება

23 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი  გამოფენას – „მუდმივი კავშირი ხელოვნებასთან“ უმასპინძლებს, რომელიც „მაგთიკომის“ 25 წლისთავს უკავშირდება.
ქართული სახვით ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 9 ქართველი ავტორის ნამუშევრები მუზეუმის ფონდის კოლექციიდან. საიუბილეო გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები: ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ჯიბსონ ხუნდაძე, ედმონდ კალანდაძე, კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, შალვა მატუაშვილი, გოგი ჩაგელიშვილი.
„მაგთიკომს“, არსებობის მანძილზე, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი გამოცემები, კატალოგები სხვადასხვა ქართველი მხატვრის შესახებ. ფონდში დაცული ტილოების და გამოცემების ერთობლივი რეპრეზენტაცია ხაზს უსვამს მაგთიკომის და ხელოვნების მუდმივ კავშირს, წლების განმავლობაში გაკეთებულ ქართულ საქმეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილნი არიან განსხვავებული თაობების და ტენდენციების ავტორები. მათი ნამუშევრები ასახავს ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორიას, 1950-იანი წლებიდან 1990-იანებამდე. ეს გამოფენა ერთგვარი მოგზაურობაცაა საქართველოს ისტორიაში – საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველომდე. სელექციაში თავმოყრილია რეალისტური, აბსტრაქტული, დისიდენტური, ეროვნული, პროდასავლური კოდები, რაც ცალსახად არაერთგვაროვნად განავრცობს საბჭოთა მეხსიერებას და მის ეტაპობრივ რღვევას. ამ ტილოების ერთ სივრცეში თავმოყრა მნიშვნელოვანი საქმეა ქართული ხელოვნების მხარდაჭერაში. სწორედ მუზეუმში დაცული კოლექციის და გამოცემების ერთობლიობა ქმნის კომპონენტს, რომელიც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
საუკუნის მეოთხედი – ეს 25 წელი „მაგთიკომისთვის“, თავისი შედეგით, ერთგვარი მუდმივი კავშირია ქართულ ხელოვნებასთან. გამოფენის მიზანი, ესთეტიკური გადააზრების მიღმა, ასევე არის ხელოვნებაში გაწეული ეროვნული მნიშვნელობის წვლილის სისტემატიზაცია. ექსპოზიცია წარმოაჩენს სამომავლო პერსპექტივას, უწყვეტ, მუდმივ კავშირს ტრადიციასა და სიახლეს შორის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები