„ჩემო უკრაინა“ – ქართველი მწერლების სოლიდარობა უკრაინას – ლიტერატურული კრებულის წარდგენა გაიმართება

12 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ლიტერატურული კრებულის „ჩემო უკრაინა“ – ქართველი მწერლების სოლიდარობა უკრაინას – წარდგენა.
ინფორმაციას კრებულის გამოცემის იდეის ავტორი გულიკო ზუმბაძე ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე. მისი თქმით, კრებულში უკრაინის თემისადმი მიძღვნილი 130-ზე მეტი ქართველი პოეტის, პროზაიკოსისა და მხატვრის ნამუშევრებია შესული.
„აი, ისიც!..
უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა ყველა ჩვენგანს აგვიძგერა გული, მძლავრი ემოცია, რომელიც ომის პირველივე დღეებში გაჩნდა, მრავალი შემოქმედისათვის ლექსად, ნოველად, სახვით ნამუშევრად იქცა და მოედო სოციალურ ქსელს. ჩვენ ისინი შევაგროვეთ და ერთ დიდ მუხტად ვაქციეთ ლიტერატურული კრებულის სახით, რომელსაც ჯამში 130 – ზე მეტი ავტორი ჰყავს, მათ შორის – ქართველი მხატვრები, რომელთა ნამუშევრების ილუსტრაციები ავსებს და კრავს მთელ კრებულს. „ჩემო უკრაინა“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ერთ-ერთი ავტორის ლექსიდანაა.
12 სექტემბერს თქვენ გახდებით მოწმე ისტორიული მნიშვნელობის კრებულის დაბადებისა, თქვენ წაიკითხავთ და მოისმენთ ქართველთა სულისკვეთების ამსახველ მხატვრულ ნაწარმოებებს, გადმოცემულს ქართველი მწერლების მიერ, უკრაინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინისადმი მიძღვნილი ახალი ლიტერატურული კრებულის გარეკანის მხატვრობა შოთა არაბულს ეკუთვნის.
კრებულის რედაქტორია: თამარ შაიშმელაშვილი; სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში არიან: ნინო არსენაშვილი, ნანა კვაშილავა, ჯუბა ღებელი, მზია ხეთაგური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები