გაერო-მ, ზედიზედ მეოთხედ, საქართველოს ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის სტატუსი მიანიჭა
ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ქვეყნებს შორის რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მეორე ადგილზეა. აღნიშნული სტატუსი გაერო-მ საქართველოს უკვე მეოთხედ მიანიჭა.
საზოგადოების კეთილდღეობის საზომებს შორის მსოფლიო მასშტაბით მოწინავე არის გაერო-ს ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელიც აერთიანებს ადამიანური განვითარების მრავალ ასპექტს, ეკონომიკურს, სოციალურს, შესაძლებლობებს, არჩევანის თავისუფლებას და ა.შ. იგი ფოკუსირებულია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მიღებული ქულების შესაბამისად, ქვეყნები 4 კატეგორიად ნაწილდება, შესაბამისად, ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“, „მაღალი“, „საშუალო“ და „დაბალი“ დონის მიხედვით.
ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან საქართველოს ზედიზედ მეოთხედ მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი. ადამიანის განვითარების ინდექსის სარეიტინგო პოზიციის გრძელვადიანი, ანუ ექვსწლიანი გაუმჯობესების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო მეორე ადგილზეა არაბეთის გაერთიანებული ემირატების შემდეგ. ანგარიშის თანახმად, 2015-2021 წლებში საქართველო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 9 ადგილით, ირლანდიამ, თურქეთმა და ხორვატიამ კი 6 ადგილით გაიუმჯობესეს სარეიტინგო პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც საქართველო ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის მქონე ქვეყნის სტატუსს ოფიციალურად ატარებს. იქამდე მას ასეთი სტატუსი არასდროს ჰქონია. ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერო-მ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. 2000 წელს ქვეყანა 65-ე ადგილზე გავიდა, 2003 წელს 68-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, 2012 წელს კი 70-ე ადგილამდე გაიუარესა სარეიტინგო პოზიცია, 2012 -დან 2021 წლამდე კი ჩვენს ქვეყანას რეიტინგი 7 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსს ატარებს.