ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და USAID – ს შორის ურთიერთობები, სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე და სამომავლო პროექტები, აგრეთვე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ვიცეპრემიერმა USAID – ის მისიის ახალ ხელმძღვანელს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები. ხაზი გაესვა იმ როლს, რომელსაც აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა USAID – ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.
ითქვა, რომ სააგენტო სამომავლოდაც განაგრძობს საქართველოში რეფორმების და კერძო სექტორის მხარდაჭერას. ლევან დავითაშვილმა USAID – ის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა ახალ პოსტზე და აღნიშნა, რომ მიესალმება კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.