„ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება“ – თანამედროვე გერმანელ მწერალთან, ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრა გაიმართება
13 სექტემბერს, 19;00 საათზე, თანამედროვე გერმანელ მწერალთან, ბერნჰარდ შლინკთან შეხვედრა გაიმართება: „ისტორიაზე წერა: წარსულთან თანაცხოვრება“.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი.
„რა გავლენა აქვს წარსულს აწმყოში?
შესაძლებელია თუ არა წარსულის გააზრება ლიტერატურის მეშვეობით?
რა მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანობას წარსულთან მოპყრობაში?
შედგა თუ არა გერმანიის გაერთიანება ან როგორ შეიძლება ის შემდგარიყო?
ეს ის თემებია, რომლებზეც ნინო ლეჟავა (გამომცემლობა „მელანის“ დამფუძნებელი) ისაუბრებს მწერალთან.
შეხვედრა გაიმართება გერმანულ-ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანით.
ცნობისათვის: გერმანელმა მწერალმა და იურისტმა ბერნჰარდ შლინკმა 1995 წელს ერთბაშად გაითქვა სახელი და ნაციონალ-სოციალისტურ თემაზე შექმნილი რომანით „წამკითხველი“, რომელიც მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და რომლის პოპულარობასაც ასევე შეუწყო ხელი ჰოლივუდის მიერ წიგნის ეკრანიზაციამ.
ამავდროულად, ბერნჰარდ შლინკი იყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი საჯარო სამართალსა და სამართლის ფილოსოფიაში. ის იყო ნორდრაინ-ვესტფალიის მიწის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. 1989 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, მონაწილეობდა „მრგვალ მაგიდაში“, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გარდამავალი კონსტიტუციის შესამუშავებლად. მის იურიდიულ პუბლიკაციებს მიეკუთვნება სახლემძღვანელოები ძირითადი უფლებებისა და პოლიციისა და სამართალდაცვის კანონმდებლობის შესახებ.
ბერნჰარდ შლინკი ბერლინსა და ნიუ-იორკში ცხოვრობს. მისი ნაწარმოებები ორმოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის „ოლგა“ და „წამკითხველი“ ქართულადაც გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ)“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.