ანრი ოხანაშვილი: კანონი სრულად თავსებადია ევროპულ მიდგომასთან და სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტებს – ვერც ერთმა კრიტიკოსმა არგუმენტირებული საქმე ვერ წარმოადგინა

„ნებისმიერ კრიტიკას, ნებისმიერ შენიშვნას, ნებისმიერ საყვედურს სჭირდება ფაქტი და სამართლებრივად გამყარებული არგუმენტი. ვერც ვენეციის კომისიის დასკვნაში, ვერც პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები და ვერც, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჩვენ ვერ ვხვდებით ვერც ერთ საქმეს, ევროკონვენციის რომელ მიდგომას არღვევს ჩვენ მიერ მიღებული კანონი“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი მუშაობს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. მისი განმარტებით, მიღებული კანონი – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სრულად თავსებადია და სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტს.

„ჩვენ სწორედ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვმუშაობთ, ამიტომ  ჩვენი ამოცანაა, კანონმდებლობა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იყოს შესაბამისობაში ევროპულ მიდგომებთან. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „კენედი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ“ – აი, ამ საქმეში, ისე როგორც სხვა საქმეებში, მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა განხორციელდეს   სტანდარტების დაცვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ვერც ერთ პროცესს ვერაფერი ვერ დააზიანებს, ეს კანონი სრულად თავსებადია  ევროპულ მიდგომასთან, სრულად შეესაბამება სტრასბურგის სტანდარტებს და შესაბამისად, ამასთან მიმართებაში, ვერც ერთმა კრიტიკოსმა არგუმენტირებული, კონკრეტული საქმე ვერ წარმოადგინა, თუ რას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, ასეთი  განცხადებების ნაცვლად, მე ვისურვებდი სტრასბურგის საქმეებზე მითითებას, ახსნას, ევროკონვენციის რომელ მიდგომას ეწინააღმდეგება და სხვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები