“ყველაზე დიდი რისკი ამჟამად, ალბათ, საქართველოსთვისაა” – უკრაინელი პოლიტოლოგი პუტინის “აკვიატებულ იდეაზე” 

სსრკ-ის აღდგენის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მცდელობა უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს, რასაც მოჰყვება სომხეთი, მოლდოვა, ყაზახეთი და ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.

ამის შესახებ EURACTIV.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინელი პოლიტოლოგი და ენერგეტიკოსი, რომან რუკომედა საუბრობს.

რუკომედა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის 195-დღიანი ომი ასევე დაკავშირებულია პუტინის მცდელობებთან – აღადგინოს სსრკ. პუტინი აპირებდა ამ პროცესის დასრულებას სიმბოლური თარიღით – საბჭოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლისთავამდე. მეტიც, 2022 წლის დეკემბერში სსრკ-ის დაარსებიდან 100 წელი შესრულდება და 7 ოქტომბერს პუტინი 70 წლის გახდება.

„ეს წელი მისთვის განსაკუთრებულია და აპირებს, იუბილე მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დაასრულოს. ამ თარიღების გარდა, პუტინი შეპყრობილია რუსეთის პირდაპირი გავლენის აღდგენით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. და ეს აკვიატება გამაგრებულია მხოლოდ წარსულით, მომავლის ყოველგვარი ხედვის გარეშე“, – აღნიშნავს ავტორი.

“როგორც არაერთხელ მითქვამს, რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და სისხლისღვრას. მაგრამ პუტინის რუსეთის გაკონტროლება სამხედრო დამარცხებით შეიძლება. ყველაზე მეტ შეშფოთებას ამჟამად იწვევს საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და ყაზახეთი, ისევე – როგორც ცენტრალური აზიის სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გარდა, ყველაზე დიდი რისკი ამჟამად, ალბათ, საქართველოსთვისაა, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო ძალა – დაიცვას თავი ნებისმიერი შემოჭრისგან.

მეტიც, საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ გადის ნავთობგაზის ორი დიდი მილსადენი, რომლითაც აზერბაიჯანული ნახშირწყალბადები მიეწოდება თურქეთს (და შემდგომ ევროპაში). ამ მილსადენების გადაჭრა აუცილებელია რუსეთისთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს ევროპის ნავთობისა და გაზის სრული ბლოკადა. საქართველო, შესაძლოა გახდეს კარიბჭე სომხეთის კიდევ ერთი, შესაძლო რუსული ოკუპაციისკენ. მოლდოვას ასევე ემუქრება რუსული სამხედრო ბაზა დნესტრისპირეთში, სადაც, დაახლოებით, 5000 ადამიანია განთავსებული”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები