გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს სამეგრელოში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში, საკარმიდამო ეზოში, მიწის ნაკვეთსა და ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 12 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი და ძელაკი).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ობისხევში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან კი ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 6 ერთეული ნაძვის სახეობის მორი და 8 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.