ათენში ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელთათვის სემინარი გაიმართება
5-9 სექტემბერს, მწერალთა სახლის და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში, გაიმართება მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელებისთვის.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ლიტერატურულ – მთარგმნელობით სემინარში მონაწილეობას მიიღებს 6 ქართულიდან ბერძნულ ენაზე მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია, ანი უძილაური, მარი სალაღაია, ვერიკო მგელაძე, ზურაბ ვაჩეიშვილი, თამარ ალავერდაშვილი.
მთარგმნელები 2022 წელს გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე სემინარის ბერძენმა ხელმძღვანელმა Dimitris Tsekouras და ქართველმა თანახელმძღვანელმა ანინა გოგოხიამ შეარჩიეს.
სემინარი მოიცავს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაო პროცესს, შერჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნება, ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ერთად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტებიდან პრობლემური მონაკვეთები. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს თავს.
ცნობისათვის: ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგება და ბაზრობის დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა, სტენდზე გაეცნოს ქართული ლიტერატურული ნიმუშების თარგმანებს. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა და საბერძნეთში მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაციები.
დეტალური ინფორმაცია ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=341