უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არავის შეუძლია უკრაინისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ რუსეთის ლიდერი მომავალში კვლავ არ დაუბრუნდება აგრესიას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ნებისმიერი შეთანხმება ან პოლიტიკური შეთანხმება ვერ უზრუნველყოფს ასპროცენტიან გარანტიას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალში თავდასხმას არ განაახლებს.
“ამერიკა ძლიერი ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება მისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერავინ გვეტყვის და ვერავინ მოგვცემს დაპირებას, რომ პუტინი აღარ დაბრუნდება”,- აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი და ეფექტიანი უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, რომლებიც შესაძლო აგრესიას მაქსიმალურად შეაფერხებს და უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს გააძლიერებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება ისეთი საერთაშორისო გარანტიების მიღება, რომლებიც რეალურ შეკავების მექანიზმებს მოიცავს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება.