მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან ურთიერთობისთვის ბრიუსელი კვლავ ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენას – ეს, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული შეცდომა

საქართველოსთან ურთიერთობისთვის ბრიუსელი კვლავ ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენას – ეს, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში “იმედი Live” განაცხადა.

„მაქვს განცდა, რომ დღეს ბრიუსელში ძალიან ნაკლებად არის ობიექტური რეალობის აღქმის, სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ზოგადად, რაც ხდება ბრიუსელში ვფიქრობ, რომ სათანადოდ არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება. ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას. ბრიუსელს აკლია სტრატეგიული ხედვა და ამ ხედვის განხორციელება, რაზეც თავად მარკო რუბიომაც არაერთხელ მიუთითა, მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებშიც”, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების კონტექსტში. 

„მაშინ, როდესაც ევროკავშირს დღეს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, თავისივე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის სჭირდება შუა დერეფნის განვითარება, და ეს განვითარება სწორედ საქართველოს მონაწილეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ პირობებში, როდესაც საქართველოსთან ურთიერთობისთვის ბრიუსელი კვლავ ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ ზეწოლის ენას, ეს, რა თქმა უნდა, არის სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც დღეს ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია უშვებს. წევრი ქვეყნების მხრიდან დამოკიდებულება და პოზიციების გაცნობიერება მეტად ხდება ამ სტრატეგიული საჭიროების, რაც არის საქართველოსთან დაკავშირებული. თუმცა თავად ბრიუსელის დამოკიდებულება ვიცით, როგორია დღევანდელი ევროკომისიის კომპოზიცია და დიდი მოლოდინები იქ ნამდვილად არ მაქვს”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობების ნაწილში ევროკავშირის პოზიციებზე დიდ გავლენას ახდენს კაია კალასი.

„როდესაც კაია კალასი დიდწილად წყვეტს საგარეო ურთიერთობებში, თუ როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს ევროკავშირმა და არა თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ეს მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ერთი მხრივ საუბარია სუვერენიტეტის აუცილებლობაზე და მისი წინ წამოწევის საჭიროებაზე, ხოლო მეორეს მხრივ მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებს განსაზღვრავს კაია კალასი, ესეც გარკვეული ანომალიაა, რომელსაც დღეს ვხედავთ საგარეო პოლიტიკაში ბრიუსელის მხრიდან. რამდენიმე დედაქალაქშიც ვიმყოფებოდი და განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი  ხმამაღალი დამოკიდებულება სწორედ ამ პრინციპებთან მიმართებაში, როგორც ბუდაპეშტის, ასევე სლოვაკეთის. სლოვაკეთის ხელისუფლებაც საკმაოდ ხშირად საუბრობს სუვერენიტეტზე და ეს არის ის მნიშვნელოვანი დასაყრდენი, საიდანაც, თუ დღეს ბრიუსელში პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შანსი კიდევ არსებობს, სწორედ აქედან შეიძლება ვიპოვოთ ამოსავალი წერტილი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები