ვახტანგ კაპანაძე: რუსეთის შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ამოიწურა

“რუსეთის შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ამოიწურა. რუსეთი ელოდება ზამთარს, როცა უკრაინას ეკონომიკურადაც გაუჭირდება და სწორედ ამის იმედი აქვს, ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მუდმივად უნდა იმუშაოს, რომ ხალხს მოტივაცია არა მარტო შეუნარჩუნოს, არამედ აუმაღლოს კიდეც”, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, უკრაინა სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან არავითარ შეთანხმებას არ დებს, ვინაიდან რუსეთისთვის შეთანხმება დროის მოგება იქნება.

“დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდება. ფუჭია მოლოდინი, რომ ხვალ ან ზეგ აიღებენ ხერსონს. უკრაინა უნდა იყოს მზად ხანგრძლივი ომისა და მძიმე ზამთრისთვის. უნდა მოემზადოს თავისი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, რათა შეძლოს კონტრშეტევა და არა კონტროპერაცია. კონტრდარტყმისთვის უნდა ჩამოაყალიბოს ცალკე დაჯგუფება, რომელიც სრულად აღიჭურვება დასავლეთიდან შემოსული იარაღით, საბრძოლო მასალით. იმედი მაქვს, უკრაინას ეს უკვე მოფიქრებული აქვს და ამ მიმართულებით მუშაობაც მიმდინარეობს. უკრაინელები ჯერ არ არიან მზად, თვითონ განახორციელონ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ხერსონთან. ომი გადასულია სტაციონარული დაპირისპირების ფაზაში, დიდი წინსვლა არც ერთ მხარეს არ ეტყობა. უკრაინას ჯერ არ შეუძლია განახორციელოს ფართომასშტაბიანი შეტევა, რუსეთმა კი უკვე ამოწურა თავისი შეტევითი პოტენციალი. ვადის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დროულად მიიღებს თუ არა უკრაინა შეიარაღებას და დროულად მოახერხებს თუ არა კონტრდაჯგუფების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ამ ეტაპზე რა იქნება უკრაინისთვის გამარჯვება. მე ვთვლი, რომ უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუკი ის ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეში შეძლებს წარმატების მიღწევას, რათა გავიდეს აზოვის ზღვაზე და ეს შესაძლებელია წელიწად-ნახევარში მოახერხოს, მაგრამ თუ, როგორც უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ის ყირიმის ჩათვლით გავა უკრაინის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ამას წლები დასჭირდება, თუ რამე არ შეიცვალა.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რესურსი ძალიან ბევრია, მიმართულებაც არაერთი. მთავარია სურვილი და ამ ზეწოლისას მსოფლიოს ერთიანობა. გარდა ეკონომიკური სანქციებისა, მსოფლიოს რუსეთზე ზემოქმედების სხვა შესაძლებლობებიც აქვს. ასევე მნიშვნელოვანია შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. რუსეთი ცდილობს დაპირისპირება ზამთრამდე გააჭიანუროს, როდესაც გაუჭირდებათ ევროპასაც და უკრაინასაც, რადგან ეს იქნება რუსეთის დამატებითი ბერკეტი, ჯერ ერთი, ევროპა აიძულოს, ზემოქმედება მოახდინოს უკრაინაზე, რომ ის გარკვეულ შეთანხმებებზე დაიყოლიოს, მეორეც, ამ ომით გადაღალოს უკრაინის მოსახლეობა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ენერგორესურსის გარეშე ზამთარში უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იქნება, შედეგად კი აიძულოს ხალხი, ზემოქმედება მოახდინოს თავის ხელისუფლებაზე, რომ ის კონკრეტულ პირობებს დასთანხმდეს

უკრაინა სწორად იქცევა, რომ ჯერჯერობით რუსეთთან არავითარ შეთანხმებას არ დებს, ვინაიდან რუსეთისთვის შეთანხმება იქნება დროის მოგება. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ თუკი შეთანხმება შედგება თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ეს ნიშნავს, რომ იმ პერიოდში უკრაინა აღჭურვილობასა და შეიარაღებას ვეღარ მიიღებს, რუსეთი კი ამ დროს თავისი რესურსების მობილიზებისთვის გამოიყენებს და შემდეგი ეტაპი ისევ შეტევა იქნება. რომელი შეთანხმება არ დაურღვევია რუსეთს, რომ ეს არ დაარღვიოს?! ასე რომ, რუსეთი ცდილობს მივიდეს ზამთრამდე, თუნდაც დღევანდელი სტატუს კვოთი. ის ენერგომატარებლებით უკვე ცდილობს ევროკავშირზე ზეწოლას. მიწოდება შეწყვიტა და ახლა ელოდება ვითარების გართულებას, როცა გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, მერე კი ამას პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებს. აშკარაა, რომ აღჭურვილობის მიწოდებამ საშუალება მისცა უკრაინას, შეეჩერებინა რუსეთის აგრესია და ომი სტაციონარული დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანა, მაგრამ იმისათვის, რომ თვითონ გადავიდეს შეტევაზე და გახდეს უფრო აქტიური, დამატებითი შეიარაღება სჭირდება. მაგალითად, ე.წ. ემრაპები, აფეთქების გამძლე ჯავშანტექნიკა, რომელიც, ძირითადად, განკუთვნილია კონტრტერორისტული და ამბოხებულთა წინააღმდეგ მოქმედებისა თუ სამშვიდობო ოპერაციებისთვის, უკრაინას ნაკლებად გამოადგება. მათ სჭირდებათ მეტი ჯავშანტექნიკა, ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რათა თვითონ გადავიდნენ შეტევაზე. თან არ დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ უკრაინა სტეპების მხარეა და თუ დღეს რუსები არიან მოძრავი სამიზნე, როცა უკრაინა შეტევაზე გადავა, თვითონ გახდება რუსეთისთვის მოძრავი სამიზნე. ასევე მას აუცილებლად სჭირდება საჭირო რაოდენობის ზუსტი დარტყმის იარაღი, რათა ოპერატიული კონტრდარტყმის წინაპირობა შეიქმნას, ჯერჯერობით კი უკრაინას არ გააჩნია იმდენი იარაღი, რომ თუ უპირატესობას ვერ მოიპოვებს, რუსეთთან თანაფარდობას მაინც მიაღწიოს. კი ბატონო, უკრაინელები გულხელდაკრეფილი არ სხედან: მათ შეძლეს მსოფლიოსგან მიღებული რაკეტების სამხედრო თვითმფრინავებზე ადაპტირება, საარტილერიო საშუალებების გამოყენება,მაგრამ მხოლოდ სისტემები ხომ არ არის?! საჭიროა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა ამ საშუალებებმა გაისროლოს.

ჯერჯერობით უკრაინა ამ საჭირო რაოდენობას ვერ იღებს, თუმცა გარდატეხის ნიშნები უკვე ჩანს, რაც გამოიხატება იმით, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი, ფაქტობრივად, ამოიწურა. რუსეთი ელოდება ზამთარს, როცა უკრაინას ეკონომიკურადაც გაუჭირდება და სწორედ ამის იმედი აქვს, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მუდმივად უნდა იმუშაოს, რომ ხალხს მოტივაცია არა მარტო შეუნარჩუნოს, არამედ აუმაღლოს კიდეც. უნდა შენარჩუნდეს ის განწყობა, რომელიც ომის პირველ ორ თვეს ვნახეთ. ამავე დროს, მსოფლიომ უნდა შეძლოს თანადგომის მაგალითების ჩვენება, რაც უკრაინელი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ შედგება უკრაინის, პოლონეთისა და ბრიტანეთის ალიანსი. ეს არ იქნება ნატოს მასშტაბის გაერთიანება, მაგრამ იქნება მოქნილი და სწრაფი რეაგირების ალიანსი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, სამხედრო პოტენციალი აიმაღლოს”,- განაცხადა რესპონდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: “ბორის ჯონსონი აღარ არის თანამდებობაზე. როგორ ფიქრობთ, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას?” – კაპანაძე პასუხობს:

“ის, ვისზეც ახლა ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იქნება, აცხადებს, რომ არანაკლებ მოტივირებულია, ამიტომ იმედი მაქვს, ბრიტანეთი გააგრძელებს და გააძლიერებს მხარდაჭერას. ახლა ბრიტანეთმა დახმარება რომ შეწყვიტოს, არა მგონია, ეს მათთვის წარმატებული პოლიტიკური ნაბიჯი იყოს. ერთი სიტყვით, რთული ზამთარი ელის მსოფლიოს, უკრაინას, მაგრამ არანაკლებ რთული იქნება ეს ზამთარი რუსეთისთვის”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები