ლევან მაჭავარიანი: ჩვენ რომ გვედავებოდნენ, თითქოს გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, დღეს ევროკავშირი თავად საუბრობს, რომ გამჭვირვალობა მართლა ყოფილა ევროპული ღირებულება

ჩვენ რომ გვედავებოდნენ, თითქოს გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, დღეს ევროკავშირი თავად საუბრობს, რომ გამჭვირვალობა მართლა ყოფილა ევროპული ღირებულება და ეს არის აუცილებელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ფაქტებით ქართული საზოგადოება სულ უფრო რწმუნდება, რომ „ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯები უალტერნატივო იყო.

„იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ უმარტივესი 6-გვერდიანი კანონი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ დეკლარირებას, არა ეხებოდა ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მას შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ, ძალაში შევიდა ბრიტანეთში. ახლა ევროკავშირმა კიდევ გაამკაცრა, იქ ეხება ფიზიკურ პირებსაც, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც და ასე შემდეგ”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მიაჩნია, რომ ე.წ. მდიდარი ენჯეოები გლობალური ომის პარტიის ინსტრუმენტები არიან.

„მადლობა ღმერთს ტრამპმა დაიკავა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტი, ძალიან ბევრ რამეს აეხადა ფარდა, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა. ე.წ. მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები ეს არის ინსტრუმენტი გნებავთ გლობალური ომის პარტიის, გნებავთ დიფ სტეიტის, გნებავთ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში, რითაც ისინი პროცესებს აკონტროლებენ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის მტკივნეული თემა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, როდესაც შენ მათ ინსტრუმენტს ეხები, თუმცა ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები