მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის კლება – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, თუ პურის მწარმოებლები პროდუქციის ღირებულებას 10 თეთრს დააკლებენ, კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, როგორ აისახება ეს ბაზარზე – დააკლებენ თუ არა ფასს მაღაზიები.
„ახლა ამ პერიოდს ალაობა ჰქვია, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ჩვენ ვამბობდით, რომ ამ პერიოდში ფასების გარკვეულად სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა მოხდებოდა. ეს ასეც მოხდა. რუსული ხორბალი შემოდის. საქართველოში ცუდი მოსავალი არ მოვიდა. 1 ტომარა ფქვილი სადღაც 76- 77 ლარი ღირს. ეს ძალიან კარგია. გვაქვს იმედი, რომ ადგილობრივი წისქვილებიც ამუშავდება. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილზე კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
რაც შეეხება პურის მწარმოებლებს: მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, 10 თეთრის ფარგლებში ფასის ცვლილება კლებისკენ მოხდეს. მაგრამ მოდით, შევხედოთ, როგორია ამასთან დაკავშირებით რეალობა: მეშინია იმისა, რომ თუ, ვთქვათ, პროდუქციის ღირებულებას 10 თეთრით დავაკელით, როგორ აისახება ეს ბაზარზე? მაგალითად, თუ წამლების სეგმენტში ბაზარზე 2-3 ოპერატორი მოქმედებს, აფთიაქების ქსელი დიდი არაა, პურის ბაზარზე უამრავი ინდივიდუალური მეწარმეა, ბევრი მაღაზიაა. მე მიმწოდებლის ფასით კი მივაწვდი ამ პროდუქციას, მაგრამ ის ფასს არ შეცვლის, პირიქით, რეალიზაციას გაზრდის და მოგებას გაიზრდის. ამ შიშის წინაშე ნამდვილად ვართ.
მინდა, ერთი ფაქტორი აღვნიშნო: საქართველოში ბუნებრივი აირის ფასმა მოიმატა. პურის მწარმოებლებისთვის 86 თეთრი ღირდა და დღეს 1, 38 ლარი გახდა. ეს საკმაოდ დიდი მატებაა. წყალი, რომელიც ღირდა 4, 40; გახდა 6, 50 ლარი. ელექტროენერგიის ფასმაც მოიმატა. ეს ყველაფერი მეწარმეს წყენს. ეს ფასი პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება“, – განაცხადა დოლიძემ.