ეკონომისტი სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკა მდგრად და დინამიკურ განვითარებას აგრძელებს
ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრად და დინამიკურ განვითარებას აგრძელებს. მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას არჩვაძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს ეკონომიკა მდგრად და დინამიკურ განვითარებას აგრძელებს. ამის დასტურია ბოლო მონაცემები, რომლებიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, საკმაოდ მაღალი ტემპი გვაქვს, ეკონომიკური ზრდა ივლისის თვეში წინა წლის ივლისთან შედარებით 9, 7 %-ია.
რიცხვების მოტანა, ზრდის ტემპი ბევრს არაფერს გვეუბნება, თუ ამას არ დავუკავშირებთ რეალურ ეკონომიკურ ვითარებას, თითოეულ ოჯახს, დასაქმებულს, საზოგადოების ინტერესებს. ამ ეკონომიკური ზრდის მიღმა ჩანს ის, რომ მეტი სამუშაო ადგილი იქმნება. ბოლო მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, 55 000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, რომლის 2/3 დაქირავებით დასაქმებულებზე მოდის. დაქირავებით დასაქმების გაზრდა საშუალო ხელფასის ზრდასთან ერთად ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობის, მათი შემოსავლების ზრდას, უფრო მდგრად განვითარებას, მეტ მოტივაციას შრომისათვის, ნაკლებ მოტივაციას ეკონომიკური მოტივით ქვეყნის დატოვებისათვის. აკუმულირება რომ მოვახდინოთ: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდის ხარჯზე მხოლოდ 1 თვეზე გაანგარიშებით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობას შემოსავალი 300 მილიონი ლარით მეტი აქვს, ეს დაახლოებით 18 %-იანი მატებაა.
როცა იზრდება ეკონომიკა, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები. ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის კვალობაზე სახელმწიფოს მეტი შესაძლებლობა აქვს, მობილიზებული სახსრები მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაჭრელად წარმართოს. ეს შეიძლება, იყოს ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტები, სუბსიდირება.
ბოლო ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება ყურძნის სუბსიდირებაზე, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული ათასი გლეხი დამატებით შემოსავალს მიიღებს. სუბსიდირების პროგრამა და დახმარება ხელს უწყობს აგარარული სექტორის განვითარების უზრუნველყოფას, აღნიშნულ სფეროში საქმიანობისთვის მოტივაციის გაძლიერებას. იგივე პრინციპი ხორციელდება ვაშლის წარმოებაზე სუბსიდირების მიმართულებითაც.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს: ქართული ეროვნული ვალუტის რეგულირება მცურავი კურსის პრინციპის საფუძველზე ხდება. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ცდილობს, იმ გარე რყევების მინიმიზაცია მოახდინოს, რომელსაც ადგილი აქვს“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.