გია ცაგარეიშვილი: ევროკავშირის 12 პუნქტში პირველი არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მუქარის ენით საუბრობენ, რუსთაველს გადავკეტავთო

“ევროკავშირის 12 პუნქტში პირველი არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მუქარის ენით საუბრობენ, რუსთაველს გადავკეტავთო”,- ამის შესახებ მმართველის გუნდის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ 12 რეკომენდაცია უნდა შევასრულოთ, ამას წყალი არ გაუვა. რაც შეეხება სახალხო დამცველის საკითხს, ჩვენ ოპოზიციის ხმების გარეშე ვერავის ავირჩევთ. აუცილებელია დიალოგი და მსჯელობა კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ პროცესიდან გარიდება და ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება წარმოუდგენელია. იქნებ, ცუდი კანდიდატია ის კანდიდატი, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ, მათი არჩევანი აპრიორად მისაღებია? მაშინ კონსტიტუციაში ავსახოთ ეს ყველაფერი და გადავაქციოთ ცხოვრების წესად, რომ რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყვიან, ისე უნდა ვიცხოვროთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ მოვიწვიეთ ყველა ოპოზიციიდან სასაუბროდ და რა გააკეთეს, მიატოვეს ჯგუფი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თანხმობა განაცხადეს მუშაობაზე, შემდეგ ვაშაძე გამოვიდა. პარტიაში სულ ორი ადამიანია, ვაშაძე და მანჯგალაძე. ვაშაძე ამბობს, მანჯგალაძემ არ იცოდა, რომ შეხვედრაზე არ უნდა მისულიყოო. მესამე ვინ არის პარტიაში, ვის უნდა გაეგებინებინა? ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გააგებინა, ვინ სად და როგორ უნდა წავიდეს. ერთმა მეორეს დააბრალა, რომ მას ვუთხარი, შეხვედრაზე არ უნდა მიხვიდე, ის არ დამემორჩილა და მაინც აპირებდა შეხვედრაზე მისვლასო. ამ ორკაციან პარტიაში ერთმანეთში რომ ვერ გაურკვევიათ, ვინ სად უნდა მოვიდეს და ამისთვის პროცესს შლიან, ეს გაუგებარი და წარმოუდგენელი ამბავია.

გაერიდონ ამ პროცესს, ისევ ოთახში ჩაიკეტონ და იქიდან მუშტი მოგვიღერონ, თანაც დაგვამუნათონ და გვითხრან, რომ თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეუბნებით, ქუჩაში გავცვივდებით და ცხელ შემოდგომას მოგიწყობთ, რა ვიცი. სხვათა შორის, 12 პუნქტში პირველი პუნქტი დეპოლარიზაციაა და ამ ადამიანებს დეპოლარიზაციისკენ მიჰყავთ საქმე? მუქარის ენით გესაუბრებიან, შენ თუ ამას არ გააკეთებ, რუსთაველს გადავკეტავო. ეტყობა, ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ ან შემდეგ იჩუქებენ და რუსთაველზე კოლექტიურად გაკოტრიალდებიან. ამით ამ ქვეყანაში ვერავის შეაშინებ, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები