მიხეილ სარჯველაძე: მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის, პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა

“მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის, პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება საკითხების ნაჩქარევად განხილვას, შეგახსენებთ, რომ განხილვის პროცედურა ორი კვირით გადაიდო, რათა არგუმენტაცია წარმოედგინათ, თუმცა, კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენის და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. რაც შეეხება კანონის შინაარსობრივ მხარეს, რაიმე რეალური, საგნობრივი არგუმენტი, რომლის გამოც შეგვეძლო, გვეთქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის. ყველა სტანდარტია, რასაც შეიძლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენდეს, კოლიზია, წინააღმდეგობა არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა რომელიმე კარგ თანამედროვე სტანდარტს არღვევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან. კანონზე არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის – პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტებით.

ვერ ვიტყოდი, რომ მიღებული კანონპროექტი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებრივი კუთხით და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით დაუბალანსებელია. კანონპროექტს ამ თვალსაზრისით ნაკლოვანება არ გააჩნია. საკითხების ასეთივე გადაწყვეტის მოდელი აქვს ევროპის არაერთ ცივილიზებულ ქვეყანას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან აბსოლუტურად თავსებადია. კანონპროექტის საწინააღმდეგოდ როცა რაიმე საგნობრივი არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, მგონია, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება. არ არსებობს საგნობრივი არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ვიტყვით, რომ კანონპროექტს წუნი აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები