პარლამენტის წევრები საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან

საპარლამენტო დელეგაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ნინო წილოსანის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – ხატია წილოსანის და პარლამენტის წევრის – გოგი მეშველიანის შემადგენლობით, საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის მიზანს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის და სურსათის შეწირულობის სფეროში ბელგიისა და საფრანგეთის გამოცდილების გაცნობა და შემდგომ ამ პრაქტიკის ქართულ კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლიდან აქტიურად დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს საფრანგეთში, ქალაქ ლილში არსებული სურსათის ბანკი, გაეცნენ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის დანაკარგების მართვაზე პასუხისმგებელი სააგენტოს (დირექტორატის) საქმიანობას, Carrefour Foundation & Group and French Solidarity Division-ის გამოცდილებას, კერძო კომპანიების – Sodexo და phenix თანამედროვე მიდგომებს და შეხვდნენ საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნისა და სურსათის შეწირულობის სფეროში საფრანგეთის, როგორც კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების, ისე ფრანგული კომპანიებისა და ასოციაციების უნიკალურ გამოცდილებას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების გარდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარინე ხურციძე; სსიპ შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა კობერიძე; თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები