ზინა კვერენჩხილაძე – ქართული ხელოვნებისა და სულიერების უნიკალური ნიშანსვეტი

ასე დარჩება საქართველოს ისტორიაში ზინა კვერენჩხილაძე, გენიალური მსახიობი და პიროვნება, ვინც თავისი ამქვეყნიური მოვლინებით ქართული ნიჭიერების საგანძურს საკუთარიც უხვად შემატა.
ქართული თეატრის სამი ყველაზე დიდი რეჟისორის – დიმიტრი ალექსიძის, მიხეილ თუმანიშვილისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში გაიშალა და გაბრწყინდა მისი უბადლო შესაძლებლობები. როლები, რომლებსაც ის სულს უდგამდა, იმგვარ დამაჯერებლობას და ჭეშმარიტების უნიკალურ ძალას ასხივებდა, რომლის დავიწყება შეუძლებელია, თუკი ამის თვიმხილველი ოდესმე ყოფილხარ.
ათეულობით წამყვანი როლი განასახიერა რუსთაველის თეატრში, წლების განმავლობაში ამ თეატრის მძლე დიდებას მისი როლები განაპირობებდა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მას ვარსკვლავიც გაუხსნეს რუსთაველის თეატრის წინ. რუსთაველის პრემია მას არ არგუნეს, მას ქართული სიტყვიერების ყველაზე დიდ გულთამხილველს, მას, ვისმა მართლაც „შემკულმა და კურთხეულმა” ხმამ ახალი მწვერვალები დაამკვიდრა მხატვრული კითხვის ხელოვნებაში?! ამდენი ქართველი პოეტი და მწერალი არცერთ მსახიობს არ გაუჟღერებია სცენიდან.
იგი გახლავთ ქართული სწორმეტყველების ნამდვილი უნივერსიტეტი. ქართული ენის ბუნებრივი მშვენიერება და სიდიადე მისი ხმით ახალი შარავანდედით გაბრწყინდა. და რა სამარცხვინო ბუტაფორიად დარჩებიან ისტორიაში ის ბიუროკრატები, ვინც რუსთაველის პრემიას გასცემდა. ეს მწარე ფაქტიც მიუთითებს, თუ როგორ უსამართლო გარემოში უწევდა გაძლება სცენისთვის და სიტყვისთვის თავშეწირულ ხელოვანს?! ეს ამბავი ქართულ სირცხვილად შემორჩება ისტორიას. თუმცა მას იმდენად უყვარდა სიცოცხლე, ხელოვნება და ადამიანები, რომ ასეთ ზნედაშრეტილ სინამდვილეს არასოდეს გაუბოროტებია. მუდამ სიმართლის, სიკეთის, მიტევების ერთგული რჩებოდა!
ზინა კვერენჩხილაძე საქართველოში ყველა დროის უდიდეს მსახიობთა პანთეონს განეკუთვნება, რაც უკვდავებას მოასწავებს! თუმცა, უკეთესი იღბალი რომ დაჰყოლოდა, იმსახურებდა, მსოფლიოსაც ენახა და შეეცნო მისი უკიდეგანო სცენური ნიჭიერება. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში მან ითამაშა ემილი დიკინსონი ამერიკელი დრამატურგის უილიამ ლიუის მონოპიესაში „ამჰერსტის მშვენება”. ეს სცენური შედევრი თავის დროზე ლენინგრადშიც წაიღეს და სრული ფურორი მოახდინა. ყველაზე ავტორიტეტულმა თეატრმცოდნემ იური კობეცმა დაწერა და აღნიშნა, რომ ასეთი სცენური სასწაული ლენინგრადს ნახევარი საუკუნე არ უნახავსო!
იმხანად რუსთაველის თეატრი ბევრს მოგზაურობდა სხვა სპექტაკლებით უცხოეთში და დამსახურებულ აღიარებასაც იმკიდა, მაგრამ გასატანთა შორის ეს დადგმა ვერ მოხვდა, იური კობეცის აღიარებით ზინა კვერენჩხილაძე პირველ მსახიობ ქალად ცხადდებოდა მთელ საბჭოთა სივრცეში და ამას ვინ მოინელებდა და ვინ დაუშვებდა მაშინდელ მრუდე სახელმწიფოში?!
დღეს 90 წელი შესრულდა ზინა კვერენჩხილაძის, ამ მზიური ტალანტის ხელოვანის დაბადებიდან. და თუკი საქართველოს არსებობა უწერია, მას გაიხსენებენ 90 წლის შემდეგაც, მისი როლები ფოტოებით, წიგნებით, მოგონებებით შემორჩება, მაგრამ მისი ხმა, რომელიც ჟღერს კინოში(თენგიზ აბულაძის, გოდერძი ჩოხელის ფილმებში) და სიტყვაკაზმული მწერლობის კითხვით, გაცილებით გამძლე და მოქმედი აღმოჩნდება. ის საუკუნეებს გადასწვდება და გაუხუნარი იქნება, როგორც რუსთველის, გურამიშვილის, გალაკტიონის სიტყვის მადანი…

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები