პატიმარი – გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა
პატიმარი – გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ბიძა ადასტურებს.
“გარდაიცვალა. ნახევარი საათის წინ გვითხრეს. ალბათ, ექსპერტიზაზე გადაიყვანენ”, – განაცხადა გურამ სვანიძის ბიძამ.
ცნობისთვის, 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს, დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.