გივი მიქანაძე: „სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს

„სამართლიანი არჩევნები“ პოლიტიკურ პროცესს არ გაემიჯნა და გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ISFED-ი მხარეს წარმოადგენს.

„სამართლიან არჩევნებს“ ძალიან დიდ რეიტინგს ანიჭებთ, თუ სასწორზე იმას დებთ, რომ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნების“ არმოწვევის გამო ქვეყანას შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მით უმეტეს, იმ ორგანიზაციის გამო, რომელმაც რევოლუციური სცენარის განვითარებას ხელი პირდაპირ შეუწყო და თვე-ნახევრის წინ პოლიტიკურ პროცესში შევიდა. როდესაც საუბარია ინკლუზიურობასა და არასამთავრობო სექტორზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არ და ვერ არის, რადგან პოლიტიკურ პროცესში შევიდა და წარმოადგენს მხარეს. ISFED-ი არ არის ნეიტრალური და აპოლიტიკური ორგანიზაცია. პირველი შეხვედრის დაწყებისთანავე გავაკეთეთ განცხადება, რომ კარს არ ვხურავთ და მზად ვართ, ISFED-ი პროცესში ჩაერთოს, თუ იმ პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნება, რომელიც თვე-ნახევრის წინ დაიწყო და რაზეც დღემდე უარი არ განუცხადებია. ველოდებოდით, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, მათი მხრიდან მკაფიო საჯარო განცხადება გაკეთდებოდა. ამის ნაცვლად თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები და მათი პოზიცია მივიღეთ, თითქოს, ამ ორგანიზაციას ვებრძვით და მათ დისკრიმინაციას ვახდენთ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ძალიან ბევრი კრიტიკული ორგანიზაციაა, მათ შორის, ისინიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატებში პლატფორმამ წარმოადგინა და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ ორგანიზაციების მიმართ არაფერი განგვიცხადებია.

საუბარი გვაქვს აპოლიტიკურობასა და ნეიტრალურობაზე, ამ ორგანიზაციამ ეს დაკარგა და იმით, რომ ამდენი დღის განმავლობაში არ გაემიჯნა პროცესს, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, პლატფორმამ რომც წარადგინოს, მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები