საავიაციო ინჟინერია – ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საავიაციო ინჟინერია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და დინამიკურად მზარდი სფეროა, ხოლო „ინჟინერიის ბაკალავრი საავიაციო ინჟინერიაში“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კვალიფიკაციაა.

საავიაციო ინჟინერიის დარგის კურსდამთავრებულების ძირითადი დამსაქმებლები არიან: ავიამშენებლობის საწარმოები, საავიაციო საკონსტრუქტორო კომპანიები, ავიაკომპანიები, შეიარაღებული ძალები, კვლევისა და განვითარების ორგანიზაციები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები და სხვა.

საქართველოს აქვს საავიაციო მრეწველობის და საავიაციო ინჟინრების მომზადების მდიდარი ტრადიციები. ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა თვითმფრინავთმშენებლობის კათედრა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში წარმატებით ამზადებდა ავიაინჟინრებს.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულნი დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. ბოლო პერიოდში ქვეყანაში საავიაციო ტექნოლოგიების და წარმოების განვითარების შედეგად დღის წესრიგში დადგა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საავიაციო საინჟინრო კადრების მომზადების საჭიროება, რის შედეგადაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ორი ათეული წლის პაუზის შემდეგ, აღედგინა საავიაციო სპეციალისტების მომზადების მიმართულება. საინჟინრო ტექნოლოგიების სფეროში ქვეყანაში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასავლური სტანდარტების ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის: „საავიაციო ინჟინერია – Aeronautical Engineering“ ამოქმედება, რომლის დადებითად გადაწყვეტა, უშუალოდ უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ დავით გურგენიძის უდიდესი ძალისხმევის შედეგია. საგანმანთლებლო პროგრამა ,,საავიაციო ინჟინერია“ შექმნილია უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებებზე დაყრდნობითა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს დასავლური სტანდარტების პროგრამას. პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოში საავიაციო განათლების დარგის ღვაწლმოსილი სპეციალისტი, პროფესორი – რამინ ზუკაკიშვილი. საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს საავიაციო ინჟინერიის კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების და საავიაციო ინჟინერიის ფუნდამენტური პრინციპებისა და მათი გამოყენების შესახებ. საავიაციო ინჟინრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია: კვლევა, ინოვაციები, პროექტირება, კონსტრუირება, შექმნა, გამოცდა, დანერგვა, პროექტის მენეჯმენტი, ოპერირება, სწავლება და კონსულტირება.

პროგრამაში უზრუნველყოფილია ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება. პროგრამის ათვისებისათვის გამოყენებული იქნება თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები და საავიაციო საწარმოებშის საწარმოო-საცდელი ბაზები. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტთა პრაქტიკის გავლა საავიაციო საწარმოში, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. სწავლის პროცესში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და ისწავლონ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებში.

საავიაციო საინჟინრო მიმართულების განვითარება საქართველოში ჯერ კიდევ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როდესაც 1941 წლის 20 დეკემბერს ტაგანროგის საავიაციო და სევასტოპოლის ავიასარემონტო ქარხნების თბილისში მშენებარე საავიაციო ძრავების ქარხნის ბაზაზე ევაკუირების შედეგად თბილისის საავიაციო ქარხანა შეიქმნა. 2005 წლიდან ამ ქარხნის ბაზაზე სს „თამ თბილავიამშენი“ ჩამოყალიბდა. „თბილავიამშენი“ წარმატებით ახორციელებს თავდაცვის ძალების საავიაციო ტექნიკის აღდგენას. 2015 წელს შეიქმნა შპს „თამ მენეჯმენტი“. კომპანიის გენერალური დირექტორია პანტიკო თორდია. მისი ღვაწლი ქართული საავიაციო მრეწველობის განვითარებაში მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის ინიციატივაც პანტიკო თორდიას ეკუთვნის. 2018 წელს თბილისში კიდევ ერთი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავიაციო საწარმო ATC Aero-Structure Technologies Cyclone აშენდა, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს ქმნის და კომპანია Boeing-ს ამარაგებს. ქვეყნის განსაკუთრებული პრიორიტეტული მიმართულებაა სამხედრო ავიაცია.

საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საავიაციო ტექნიკის მომსახურება საჭიროებს მაღალ კვალიფიცირებულ საავიაციო კადრებს. ავიაციის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა საავიაციო გადაზიდვების სფერო. საქართველოში ამ ეტაპზე სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს. მუდმივად ხდება ახალი გადამზიდავი ავიაკომპანიების შემოსვლა. აღნიშნული მიმართულების მომსახურებას ესაჭიროება ახალი კადრები, მათ შორის, ავიაციის ინჟინრები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საავიაციო ინჟინერიის“ პროგრამის გახსნას მიესალმება და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საავიაციო საზოგადოების პრეზიდენტი ლელა ქართველიშვილი. საზოგადოება მომავალში ხელს შეუწყობს პროგრამის განვითარებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის გახსნას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა 2022 წლის 13 იანვარს ჩატარებულმა კონფერენციამ თემაზე: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა „საავიაციო ინჟინერია“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები ქვეყანაში მოქმედი დარგის თითქმის ყველა ორგანიზაციიდან: შპს „თამ მენეჯმენტი“, სს „თამ თბილავიამშენი“, სსიპ სსსტც „დელტა“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ცენტრი, საქართველოს საავიაციო აკადემია, საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საავიაციო საზოგადოება და სხვა. ნიშანმდობლივია, რომ საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის გახსნა დაემთხვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის უბილის დროს. ასეთი მდიდარი ტრადიციების და გამოცდილების უნივერსიტეტში საავიაციო ინჟინერიის პროგრამა უდავოდ წარმატებით განხორციელდება. ავიაციის სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს 2022 წლის 22 აგვისტოდან – 7 სექტემბრის ჩათვლით მობილობის საშუალებით სწავლა შეუძლიათ გააგრძელონ საავიაციო ინჟინერიის მიმართულებით, ხოლო 2023 წლიდან ეროვნული გამოცდების გავლით მიეცემათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესაძლებლობა. გვინდა წარმატება ვუსურვოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ქვეყანაში საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო სფეროს აღორძინების და განვითარების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები