დაჭრილი პატიმრის დედა: სახალხოდ თქვან, რითი მკურნალობენ ჩემს შვილს, რა მდგომარეობაში მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა – არავის ნდობა არ მაქვს 

„სახალხოდ თქვან, რითი მკურნალობენ, რა ჭირს ბავშვს, რა მდგომარეობაში მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა, კონსილიუმი თუ შედგა, რა გადაწყვიტეს – როგორ არის ბავშვი გამაგებინონ”, – ამის შესახებ დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის დედამ, ნათია შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია.

„5 საათზე ვნახე ბოლოს ექიმი. საღამოს უკვე რომ ვითხოვდი, კი მეუბნებოდნენ, რომ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია – რასაც მეუბნებოდნენ თავიდან, მაგრამ თვითონ ვეხვეწებოდი ნომერი მაინც მოეცათ, რომ ღამე გადამერეკა, გამეგო ბავშვის მდგომარეობა…

სახალხოდ თქვან, რითი მკურნალობენ, რა ჭირს ბავშვს, რა მდგომარეობაში მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა, კონსილიუმი თუ შედგა, რა გადაწყვიტეს… როგორ არის ბავშვი გამაგებინონ. არავის ნდობა არ მაქვს. ყველაფერი არის ძალიან, ძალიან მოგონილი, სიცრუე და ყველაფერი არის ზღაპარი, დადგმული სცენარი”, – აცხადებს ნათია შენგელია.

ცნობისთვის, დაჭრილი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

პატიმრის დედის თქმით, პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც  ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.

უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები