ქართველი კარატისტების 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი – ტოკიოს კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან

ტოკიოში, მსოფლიო შოტოკან კარატეს ფედერაციის (WSKF) ორგანიზებით, გაიმართა XV მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატეს ფედერაციის გუნდიც მონაწილეობდა. იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მსაჯი იყო მსოფლიო შოტოკან კარატეს ფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი, IX დანის მფლობელი, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, შიხან ჰიტოში კასუია.
იაპონიაში ქართველმა კარატისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს, საერთო ჯამში, 3 ოქროსა და 1 ვერცლის მედალი მოიპოვეს. ჭაბუკა მახარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატასა და კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში I ადგილი და 2 ოქროს მედალი მოიპოვა და ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თავის სპორტულ კარიერაში უკვე მეოთხედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მან ტოკიოში შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე 2015 წელს ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. წარმატებით იასპარეზა ვეტერანთა შორის ნოდარ ხაჩიშვილმა, რომელმაც ინდივიდუალურ კუმიტეში I ადგილი და ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კატაში კი ვერცხლს დასჯერდა.

ჭაბუკა მახარაძე არის მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით ასპარეზობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი მედალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები