ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესზე საქართველომ მასშტაბური კვლევის შედეგები წარადგინა
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში გამართულ ნიადაგმცოდნეთა 22-ე მსოფლიო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური მოხსენებით „მიწათსარგებლობის გავლენა ნიადაგში მიკროელემენტების შემცველობაზე აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე“ წარსდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წელს კონგრესის თემა „ნიადაგმცოდნეობა – საზღვრების გადალახვა, საზოგადოების შეცვლა“ ფოკუსირებული იყო ნიადაგსა და საზოგადოებას შორის არსებულ კავშირზე, სესიები მოიცავდა ნიადაგის სისტემების, პროცესების, მართვის, მთელს მსოფლიოში ადამიანის მიერ ნიადაგზე გავლენის და გამოყენების საკითხებს.
ნიადაგმცოდნეობის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მთელი მსოფლიოდან 3000-ზე მეტი ნიადაგმცოდნე ესწრებოდა. კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად. ნიადაგმცოდნეობის მსოფლიო კონგრესი 2022 ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS) და დიდი ბრიტანეთის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების (BSSS) ორგანიზებით გაიმართა.