თეთნულდზე დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა, ერთ-ერთს ტერფის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს კი რამდენიმე ნეკნი და ისინი კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად არიან. ახლაც კლინიკაში იმყოფებიან. ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ავთანდილ გვალიამ.
ცნობისთვის, მწვერვალ თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ჩაატარეს. ორი დაშავებული ტურისტი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს. დანარჩენი სამი ტურისტი კი დამოუკიდებლად გადაადგილდება და დაშავებულები არ არიან.