ზელენსკი: 2008, 2014 და 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს

ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებსა და მის შედეგებზე – ის ომი ჯერ კიდევ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტები არ უნდა დარჩეს.

„ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებსა და მის შედეგებზე. საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარმა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა გაზარდა. მაგრამ ის ომი ჯერ კიდევ არ ჩაბარებია ისტორიას, ის არ ჩაბარებია წარსულს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რაც იყო, არამედ იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი. მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც შენარჩუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიო გაცნობიერება, რომ საჭიროა რეალური, ქმედითი ინსტრუმენტები, რომ ასეთი აგრესია არ იყოს დაშვებული და აგრესორებმა აგონ პასუხი. 2008, 2014 და 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს – უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით, ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე. თუ უკვე გასაგებია, რომ რომელიმე სახელმწიფო ამზადებს აგრესიას – უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაგირება უნდა იყოს ანალოგიური, როგორც უკვე მომხდარ აგრესიაზე. არაა საჭირო დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი, აუცილებელია მოქმედება, რათა ასეთი რამ არ იყოს დაშვებული. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ამ ომის შემდეგ არ უნდა დარჩეს გაყინული კონფლიქტები. ესაა მთავარი დასკვნა. უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით დაიკავა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ აგრესორის აშკარა დამარცხება, მის მიერ წართმეული ყველაფრის დაკარგვა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა აგრესიაზე არის ნებისმიერი ომის თავიდან აცილების გარანტია.

„სწორედ ამაზე მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, ოფისი, ხელისუფლების წარმომადგენლები და აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობს რუსეთის აგრესიაზე გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პასუხის ორგანიზებაში. ჩვენი სახელმწიფოს დაცვით, ჩვენ ავტომატურად ვიცავთ ყველას, ვისაც უკვე დაემუქრა ან შეიძლება კვლავ დაემუქროს ტერორისტული სახელმწიფო“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები