რომში მდებარე შუასაუკუნოვანი Torre dei Conti-ის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა,- ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც ისტორიულ ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ამოიყვანეს ერთი მუშა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი რუმინეთის მოქალაქეა.
გადარჩენილი მუშების ინფორმაციით, ჩამონგრევა მოულოდნელად მოხდა და სამშენებლო ადგილზე მყოფებს გაქცევის საშუალება არ ჰქონდათ. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთს მძიმე დაზიანებები აქვს.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მწუხარება გამოთქვა დაღუპულის ოჯახისა და კოლეგების მიმართ.
„ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა სამუშაო ადგილებზე,“ — განაცხადა მელონიმ.
ადგილზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. პროკურატურამ სარეაბილიტაციო პროექტის პასუხისმგებელი პირები დაკითხვაზე დაიბარა, რათა დადგინდეს, იყო თუ არა დარღვეული სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები.
Torre dei Conti, რომელიც XIII საუკუნეში აშენდა, რომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შუასაუკუნოვანი ნაგებობაა. კოშკი კოლიზეუმის სიახლოვეს მდებარეობს და მას ბოლო წლებში სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა.