საქართველოში ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა
საქართველოში ჩინეთის საელჩო მკაცრად გმობს ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
„ეს არის „ერთი ჩინეთის“ პრინციპის და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევა. მას აქვს სერიოზული გავლენა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების საფუძველზე და ჩინეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული ხელყოფაა. ეს სასტიკად ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეზე და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მომხრეთა „სეპარატისტულ“ ძალებს არასწორ სიგნალს უგზავნის. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ტაივანისა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, ტაივანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.