ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს
ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
“2022 წლის ივნისში დადასტურდა, რომ წლის პირველ ნახევარში წლიური ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელი იქნებოდა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკიდან გამომდინარე.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც მაღალი საბაზო ეფექტიდან გამომდინარე (გასული წლის ივნისის თვეში ეკონომიკის 18.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა) წლის განმავლობაში მაღალი ზრდის ტენდენციების მანიშნებელია. წლის პირველ ნახევარში, იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა 10.5%-ით განისაზღვრა.
წლის პირველი ნახევრის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა როგორც რეგიონში, ისე – ევროპასა (ირლანდიასთან ერთად) და აზიაში. რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ არიან შეერთებულები. როდესაც არის მუდმივად ტირაჟირება იმაზე, რომ ჩვენ მაღალი ზრდა იმის გამო გვაქვს, რადგან საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. საქართველო საერთაშორისო სანქციებს ძალიან ბევრ ნაწილშია შეერთებული, მათ შორის, მაღალი ტექნოლოგიების ნაწილში. თუ ჩვენ შედარებას გავაკეთებთ იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთის ბაზარი არ ჩაუკეტავთ – თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს, ამ ქვეყნებთან მიმართებითაც კი საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს. პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკური ზრდა 8, 6 % იყო, თურქეთის 7, 3%, აზერბაიჯანის 6, 5%, ყაზახეთის 4, 4 %.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ, რადგან გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივები გაუარესდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური გამოშვება მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში შემცირდა (ძირითადად, რუსეთსა და ჩინეთში არსებული სიტუაციის შედეგად). შესაბამისად, სავალუტო ფონდმა კლების მიმართულებით გადახედა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 და 2023 წელს შესაბამისად 3.2 და 2.9 პროცენტს შეადგენს, რაც 0.4 და 0.7 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება აპრილის პროგნოზის მაჩვენებელს.
ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6641 ერთეულს გაუტოლდა, რაც 36 პროცენტით მეტია 2021 წლის ივნისის თვის მონაცემზე”, – წერს ცუცქირიძე.
მისივე თქმით, 2022 წლის ივნისის ეკონომიკურ ზრდაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე, საგარეო მოთხოვნის ზრდამ.
“ამასთან, ივნისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციებიც. ექსპორტი 27.9%-ით გაიზარდა და 448.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რაც დამატებული ღირებულების შექმნის მნიშვნელოვანი წყაროა. ნიშანდობლივია, რომ ივნისში ექსპორტის ზრდის ფონზე, 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 35.1 პროცენტით და 2,548.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,რაც მეტია ვიდრე 2012 წელს მთლიანად გვქონდა 2, 340 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8,467.6 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ასევე მნიშვნელოვნად 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 42 პროცენტით მეტია!
კვლავ მაღალია ტურიზმის სექტორში, კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში (პანდემიამდე 2019 წლის ივნისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 88.7 პროცენტი იყო, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 301.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
2022 წლის ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 111.7 პროცენტით გაიზარდა და 427.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენციას, რაც ბოლო წლებში პირველად ჩამოსცდა 2.80 -იან ნიშნულს, პირველი კვარტლის ანალოგიურად, კვლავ მაღალი იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკა, რომელიც პირველ კვარტალში სარეკორდოდ 4.4 – ჯერ იყო გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”, – წერს ცუცქირიძე.