ჯანმო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – “მაიმუნის ყვავილზე”: საქართველოს კარგი ზედამხედველობის სისტემა აქვს
“საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ “მაიმუნის ყვავილზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო აქტორებზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ზედამხედველობა, როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და აღმოჩენა, შემდეგ კი, როგორ უნდა ირეაგირონ სამედიცინო მუშაკებმა იმისთვის, რომ დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა მოხდეს.
“მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კომიტეტმა საგანგებო სიტუაციებზე იმსჯელა ამ საკითხზე და წარუდგინა რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, რომლის გადაწყვეტილებითაც გამოცხადდა “მაიმუნის ყვავილი” შეშფოთების გამომწვევ საერთაშორისო საგანგებო სიტუაციად. სრული კონსენსუსი ამ თემაზე არ იყო, თუმცა, იმ გასაუბრებებიდან გამომდინარე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ჰქონდა, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამის წინაპირობები არსებობს. “მაიმუნის ყვავილი” არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა საკმაოდ გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება. მათ შორის შემდეგს გამოვყოფდი: ის ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც ადრე დაფიქსირებული არ იყო, ასევე, ვრცელდება კონკრეტულ ჯგუფებში და გამოვლინდა ასევე შემთხვევები, როცა იგი სქესობრივი კავშირის შედეგადაც გავრცელდა, რაც ადრე დამახასიათებელი არ იყო ამ დაავადებისთვის. ის მრავალ ქვეყანაში გავრცელდა უკვე, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას. “მაიმუნის ყვავილთან” გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე. გაცემულია რეკომენდაციები სახელმწიფო აქტორებზე, როგორ უნდა ჩატარდეს ზედამხედველობა, როგორ უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა და აღმოჩენა, შემდეგ კი, როგორ უნდა ირეაგირონ სამედიცინო მუშაკებმა იმისთვის, რომ მოხდეს დაავადების კონტროლის ქვეშ მოქცევა და მისი პროფილაქტიკა გატარდეს. აქ აუცილებელია თანასწორობა ამ ზომების გატარებაში და შემდეგ უკვე მკურნალობისა და პრევენციის საკითხებში. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ შემდგომი ინსტრუქციები, ჩავატაროთ სწავლებები იმისთვის, რომ ეს დაავადება კონტროლის ქვეშ მოექცეს”, – განაცხადა სილვიო დომენტემ.