ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო ხარჯების კონტროლს, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განხილვას და რეკომენდაციების შესრულებას. ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით აუდიტის ჯგუფს მიენიჭა მუდმივმოქმედი სტატუსი, მოხდა მისი რეფორმირება და გაძლიერება, რომელიც შეესაბამება გერმანიის ბუნდესტაგში არსებულ მოდელს და რაშიც კომიტეტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაეხმარა. ითქვა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი მანდატი საპარლამენტო ზედამხედველობაა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის მიმართულებით. „მხოლოდ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ აუდიტის ჯგუფის 17 ანგარიში და დავამტკიცეთ 134 რეკომენდაცია, რომლებიც გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის,”-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. შეხვედრას ესწრებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამავდროულად კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები