რატი იონათამიშვილი: ბეჟაშვილს ადრეც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ თანაპარტიელებმა იძულებული გახადეს – შეხვედრიდან გამოსულიყო

ბეჟაშვილს მცდელობა ჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ ჰქონოდა შეხვედრა თავმჯდომარესთან, როცა სამუშაო ჯგუფები იკრიბებოდა. მაშინ გვახსოვს, თანაპარტიელებმა იძულებული გახადეს – ამ შეხვედრიდან გამოსულიყო, მაგრამ თუ რადიკალურ პოზიციას შეცვლიან და პროცესში ჩაერთვებიან, ცუდი არ იქნება, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ შესაძლოა, პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს და ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.

იონათამიშვილის თქმით, სამუშაო ფორმატი, რომელიც შექმნილია, ღიაა ყველასთვის, რათა საკუთარი არგუმენტირებული მოსაზრებები წარადგინონ.

„რადიკალურ ოპოზიციას ევროპარლამენტარებმა მოსთხოვეს, რომ ჩაერთონ საქმიან ფორმატში და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი პარლამენტში მიმდინარეობდეს, ხოლო ქუჩის აქციები არ არის ევროპული სტანდარტი. როგორც ჩანს, მოუწევთ მოთხოვნების გათვალისწინება. ბატონ ბეჟაშვილს მცდელობა ჰქონდა, ჯერ კიდევ მაშინ ჰქონოდა შეხვედრა თავმჯდომარესთან, როცა სამუშაო ჯგუფები იკრიბებოდა, მაშინ გვახსოვს, თანაპარტიელებმა იძულებული გახადეს ამ შეხვედრიდან გამოსულიყო, მაგრამ თუ მოხდება რადიკალური პოზიციის შეცვლა და ჩაერთვებიან, ეს ნამდვილად არ იქნება ცუდი, პირიქით.

აპრიორი ინიციატივების გაზიარება-არგაზიარებაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, მნიშვნელოვანია, ეს საკითხები სამუშაო ჯგუფის ფორმატებში დაისვას, მოხდეს არგუმენტების გაცვლა და არგუმენტებზე დაფუძნებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ფორმატი ღიაა და საკუთარი აზრის და პოზიციის დაფიქსირება შეუძლია ყველას, ეს უნდა იყოს არგუმენტირებული“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები