“დარწმუნებული ვარ, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე შეგნებულად აკეთებს აქცენტს არასამართლებრივ დეტალებზე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიოს” – დიმიტრი ტორაძე

„მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ იურიდიული კუთხით არანაირი არგუმენტი არ აქვს და ამიტომ აკეთებს აქცენტს პროცესუალურ აბსურდზე. მხარე საერთოდ არ საუბრობს იმაზე, რომ თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვთ, მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ თითქოს ჩვენ არ გვაქვს თანხის მოთხოვნის უფლება ბანკის სასარგებლოდ“, – ამის შესახებ ბრიტანელი აქციონერის, იან მალქჰოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ 21 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიმიტრი ტორაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის შეკითხვებს დეტალურად უპასუხა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარზე ისაუბრა.

„ზვიად კორძაძემ კონფერენციაზე გააჟღერა დებულებები, ჩვენი შეფასებით – არცთუ ისე კორექტული. ერთადერთი კორექტული ფაქტი, რომელიც მან ბრიფინგზე თქვა, ეს იყო, რომ მან შეიტანა საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ ბრიფინგის მერე, ჟურნალისტმა დამირეკა და შევამოწმე სასამართლოს ელექტრონულ ვებგვერდზე, არ იდო ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს ინფორმაცია დევს, რომ საჩივარი შეტანილია და დათარიღებულია 19 ივლისით, ანუ როცა ბრიფინგი ჩატარდა. მოკლედ გეტყვით, ამ სარჩელში წერია, რომ ჩვენ ვართ არასათანადო მხარე და ამიტომ, უნდა გაუქმდეს. სხვა მატერიალური არგუმენტი მითითებული არ არის. ძალიან საინტერესო იყო ყველა დანართი დოკუმენტი, რომელიც რიგი მედიის ხელში მოხვდა, გარკვეული მოთხოვნის გარეშეც კი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი ასაჩივრებდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სარჩელი. ანუ, რა უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ განჩინება ჩაჰბარდათ და განცხადებას იცნობენ, იმიტომ, რომ ციტირება ხდებოდა განცხადებებიდან და არა – მათი პოზიციის ფიქსირება“, – აღნიშნა ტორაძემ.

ადვოკატმა, ასევე, უპასუხა ზვიად კორძაძის შეკითხვას, თუ საიდან ჰქონდა განაჩენი დიმიტრი ტორაძეს: როგორც ტორაძემ განმარტა, აღნიშნული განაჩენი გამოქვეყნებული იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარდამჭერ იურისტთა მიერ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, სადაც ნებისმიერ ადვოკატს შეეძლო აზრის დაფიქსირება. გარდა ამისა, ტორაძემ ისაუბრა კორძაძის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ დოკუმენტებზე და დასძინა, რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობრივია.

„მე საიდან მქონდა განაჩენი კი არა, ციტატებიო, განაჩენიო, რაზე იყო სარჩელი აგებულიო. თუ სარჩელი ნანახი არ აქვს ადამიანს, როგორ შეიძლება ის ამბობდეს, რომ მე რამე ციტატები მომყავს. ამბობდეს რაზეა სარჩელი აგებული და რა ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული. საჩივარს, რომელიც მან შეიტანა, ახლავს 4 დოკუმენტი. პირველი ეს არის „თიბისი ბანკის“ წერილი, ძალიან საინტერესო დოკუმენტია. გაასაჩივრა ბატონმა ზვიადმა. „თიბისიმ“ გასცა პასუხი, რომ „იან მალქჰოლ ჰოქს იმიტომ არ ვუპასუხე, რომ ჩემი აქციონერი არ არისო“. შემდეგი დოკუმენტი რაც წარმოადგინა არის სააქციო საზოგადოება „კავკას რეესტრის“ დოკუმენტი, რაზედაც მითითებულია ეს სამი პოზიცია. იან მალქჰოლ ჰოქი არ არის „თიბისი“ კაპიტალის ნომინალურ მფლობელობაში და არც თავისი აქციები არ აქვს გადაცემული. ე.ი ბატონი მამუკაც და ბატონი ბადრიც არ არის აქციონერი, ოღონდ თიბისი ბანკის კაპიტალის ნომინალურ ფლობელობაში გადაცემული აქვს 554 250 აქცია.

შემდეგი დოკუმენტი ეს არის „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტი, რომ ბატონ ბადრიზე და ბატონ მამუკაზე ნომინალურად გადაცემული აქციები არ ირიცხება. ვიღაცებს ჩემი პოზიცია ეჩვენება წინააღმდეგობრივი და ეს დოკუმენტები არ ეჩვენებათ. ახლა ვისაუბროთ იმაზე, მე საიდან მაქვს განაჩენი.

„თიბისი ბანკს“ რომ გავუგზავნე წერილი სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, ვეუბნებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, რომელზედაც ჩვენ წვდომა არ გვაქვს, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში და გექნებათ თქვენ, თუ გავეცნობით შეიძლება დავის ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთოს და მოთხოვნის საფუძვლები გაიზარდოს. მაგრამ ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საჯარო სივრცეში დევს განაჩენი და ვუთითებთ ორ დანართს, ეს ორივე დანართი არის სქრინშოტი ადვოკატ კახა წიქარიშვილის ფეისბუკ გვერდიდან. ეს არის „თიბისის“ და მამუკა და ბადრის მხარდამჭერ იურისტთა ჯგუფი, რომელიც საჯაროდ ფეისბუკში განიხილავს საქმის სამართლებრივ შეფასებებს და ღიად უდევთ განაჩენი. მეც აქედან მაქვს აღებული. მე რომ იანის ადვოკატი არ ვყოფილიყავი, შემეძლო ჩავრთულიყავი და ჩემი აზრი მომეხსენებინა რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტორაძემ.

დიმიტრი ტორაძემ, აგრეთვე, აღნიშნა, თუ რას ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და განმარტა, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ „სამგორი თრეიდზე“ და „სამგორი M-ზე“ გაცემული სესხები, რომლებიც იმავე დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე მოხვდა, კვლავ „თიბისი ბანკს“ დაუბრუნდეს, რაც კაპიტალიზაციას გაზრდის და შესაბამისად, თითოეულ აქციონერს პირდაპირ პროპორციულად გაეზრდება წილი, მათ შორის ბრიტანელ აქციონერს იან მალქჰოლმ ჰოქს.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ სამგორიმ M-ზე და სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, რომელიც იმავე დღესვე მოხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე და შემდეგ ეს მოთხოვნა „თიბისიმ“ დაკარგა და მოხვდა რომელიღაც ოფშორული კომპანიის ხელში, დაუბრუნდეს „თიბისი“ ბანკს, რადგან თუ ეს დაუბრუნდება „თიბისი ბანკს„, კაპიტალიზაცია იქნება ბევრად მაღალი და ყველა აქციონერის შესაბამისი წილი პირდაპირ პროპორციულად გაიზრდება. ძირითადი თანხა – ეს არის 16 664 000 დოლარი. თუმცა, ვინაიდან ამას შეიძლება სამართლებრივად მოჰყვეს მიღებული შემოსავლის სახით თანხები მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს თანხები იზრდება და უკვე 40 000 000-ს დოლარს გასცდა“, – განმარტა დიმიტრი ტორაძემ.

ტორაძის თქმით, ის მზად არის, სასამართლოში იდავოს და ელოდება შესაგებელს მოწინააღმდეგე მხარისგან. დიმიტრი ტორაძე მის კოლეგას ზვიად კორძაძეს არასამართლებრივ საკითხებზე სასაუბროდ სატელევიზიო დებატებში იწვევს: „მხარეს პირდაპირ ვეტყვი, სამართლებრივ საკითხებზე მზად ვარ, სასამართლოში ვედავო და ველოდები შესაგაბელს, რაც ევალებათ, რომ წარმოადგინონ. ასევე, ნებისმიერ ტელევიზიაში, მათ შორის მათთვის სასურველ და კონტროლირებად ტელევიზიაში არასამართლებრივ საკითხებზე და სხვა საკითხებზე დებატებში დავუჯდე. ყველა ეს თემა იყო სუფთა პიარული მათი მხრიდან. სულ პიარული ახსნა მიდის და მიმდინარეობს მედია შტორმინგი“, – აღნიშნა ტორაძემ.

დიმიტრი ტორაძის ტელეტებატებში მიწვევას ზვიად კორძაძე არ დათანხმდა. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან განაცხადა, რომ კოლეგებს არასამართლებრივ თემებზე არ ესაუბრება, ხოლო სამართლებრივი თემებისთვის სასამართლოში შეუძლია საუბარი. „დებატები ადვოკატებს შორის ხდება სასამართლოში. არასამართლებრივ თემებზე არ ვაპირებ საუბარს. ადვოკატი ვარ და არასამართლებრივ თემებზე კოლეგებს არ ვესაუბრები, ხოლო სამართლებრივ თემებზე ბატონ დიმიტრი ტორაძეს შემიძლია, სასამართლოში ვესაუბრო“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

დიმიტრი ტორაძე დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე შეგნებულად აკეთებს აქცენტს არასამართლებრივ და უმნიშვნელო დეტალებზე: „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინტერესია, არ გავცდეთ სამართლებრივ სივრცეს და ვისაუბროთ კონკრეტული მტკიცებულებებით. დემაგოგიური განცხადებებით ნუ შევეცდებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დარწმუნებული ვარ, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე შეგნებულად აკეთებს აქცენტს არასამართლებრივ და უმნიშვნელო დეტალებზე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიოს“, – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები