ზურაბ აზარაშვილი: მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, არ აყვნენ სპეკულაციას, თითქოს თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ფასები გაიზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ თურქეთიდან შემოსული მედიკამენტები არ გაძვირდება და ამ კუთხით აჟიოტაჟი უსაფუძვლოდაა ატეხილი.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებზე 50 მილიონზე მეტი დაზოგეს, შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„სამწუხაროდ, იყო ბევრი სიუჟეტი, თითქოს პროექტი კოლაფსის წინაშეა, ცრუ დაპირება იყო და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად იგრძნეს მოქალაქეებმა მედიკამენტების გაიაფება და ყოველთვიურად ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. კორექტირება პერიოდულად ყოველთვის ხდება თურქეთში და არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად იგივე იყო თებერვლის თვეში და საერთოდ არ შეტყობია ჩვენს პროექტს, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს ეხება. ზუსტად იგივე მოხდა ახლაც. დაკორექტირდა ფარმაცევტული კურსი ლირის ევროსთან და საბოლოო ჯამში, ჩვენთან ლარი იმდენად გამყარებულია, რომ ვერანაირი ეფექტი ვერ შეიძლება, ამას ჰქონდეს. რეალურად, ადგილზე ხდება ამის კორექტირება და საბოლოოდ ბენეფიციარი ამას ყიდულობს ლარში.

რამდენიმე პრეტენზია იყო, მაგრამ სამწუხაროდ, კონკურენციიდან გამომდინარე იყო, როცა იგივე დასახელების მედიკამენტები სხვა ქვეყნებიდან შემოდის და უბრალოდ გვიპროტესტებდნენ იმას, რომ რადგან პარალელური იმპორტი დავუშვით, რასაკვირველია, მათ შემოსავალი მოაკლდათ. ზუსტად 50 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ამ ოთხ თვეში დაზოგა, პირდაპირ მათ შემოსავლებს დააკლდა და ეს სუბიექტური მოტივაცია აქვთ. ხარისხთან დაკავშირებული არანაირი პრეცედენტი არ ყოფილა. მოსახლეობას შემიძლია, ვუთხრა, რომ მშვიდად იყვნენ და არ აყვნენ სპეკულაციას, რომ სტანდარტთან დაკავშირებული პრობლემაა თურქეთში, ფასები გაიზრდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები