ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა

დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარების დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

„ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში – ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამ თემას ამომწურავად შევეხეთ. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა კომისიის შეფასებაში. ამ საუბრების შინაარსს ჩვენ გარეთ ვერ გამოვიტანთ, რადგან იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით და მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები