“რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს საქართველოდან ვინმესთან შეხვედრას მთავაზობდნენ” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს მას “საქართველოდან ვინმესთან შეხვედრას სთავაზობდნენ”, თუმცა, მას ეს არასწორად მიაჩნდა, რადგან მოლაპარაკებას უნდა მართავდნენ “ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები”.

ამის შესახებ მან ე.წ. უწყების მედია ცენტრში საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის დროს თქვა, რომელზეც რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, “საქართველოსთან ურთიერთობა” და “აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის ასპექტები” განიხილეს.

შეხვედრაზე აფხაზური საზოგადოების წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საჭიროა “საქართველოსთან სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკების გამართვა”, რაზეც არძინბამ თქვა: “უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია”.

მანვე აღნიშნა, რომ “საქართველოსთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა და არა – კერძო პირებმა, რაც ხშირად ხდება”.

„რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს ბევრი მთავაზობდა ვინმესთან შეხვედრას, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია. რატომ უნდა შევხვდე მათ, რა უნდა განვიხილო, თუ ისინი ჩვენი მტრები არიან? დაე, კომპეტენტურმა ადამიანებმა მიხედონ ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორია“, – განაცხადა მან.

მან ასევე დასძინა, რომ “ქართველების 99%, რომლებიც ცდილობენ აფხაზეთთან დიალოგზე გასვლას, პროვოკატორები და ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ქართული თუ დასავლური სპეცსამსახურების მიერ არიან გადაბირებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები