დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიწის მასის ჩამოშლის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე უსაფრთხოების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა და სპეციალისტების მიერ კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, საპრევენციო სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„წყნეთი-კოჯრის დამაკავშირებელი გზის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩამოიშალა – საძირკველი გამოეცალა და გადაადგილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეიდან უკვე შესაძლებელია გადაადგილება გზის ერთ მონაკვეთზე. ამდენი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით, გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა და გზის ის მონაკვეთი, რომელიც გაიხსნება, უსაფრთხო იქნება. პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში, სანამ სწავლა დაიწყება, გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი მთლიანად აღდგება და მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ვერტიკალური ანკერების მოწყობა დასრულებულია და დამცავი კედლის ფუნდამენტის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც რკინაბეტონის კედლის მშენებლობა განხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება და აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილება უსაფრთხო გახდება. კოჯრის გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებს, რომლის ღირებულება, ჯამში, 536 030 ლარს შეადგენს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები – ზურაბ აბაშიძე და ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები