ანდრეი კასიანოვი: მადლობელი ვართ ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ ეს საკმარისი არაა

არსებობდა დიდი მოლოდინები, რომ საქართველო გააკეთებდა იმას, რასაც ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები აკეთებენ უკრაინისთვის რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველო- უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც უკრაინამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ომების დროს გაუწია.

„გახსოვთ, რომ აფხაზეთში იმყოფებოდნენ უკრაინელი მოხალისეები, რომლებიც ქართველებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ უკრაინული ვერტმფრენები ჩართული იყვნენ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. 2008 წელს ჩვენ საქართველოს გავუწიეთ ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა და დახმარება და უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ აქ, რუსთაველზე, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის მტრის შესაჩერებლად. აი, რატომ იყო უფრო მაღალი მოლოდინები.

მადლობელი ვართ ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ უკრაინას ბევრად მეტი დახმარება უნდა გაუწიოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ ბარბაროსული აგრესიის ფონზე.

ამასთან, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მტერი დამარცხდება და უსაფრთხოების ახალ გარემოში საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ახალ იმპულსს შეიძენს, ახალ მნიშვნელობას შეიძენს ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს, რომ დავუპირისპირდეთ და შევაკავოთ და ბოლოს, და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება, რადგან უკრაინის გამარჯვება მთელი ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვებას ნიშნავს და საქართველო იქნება და ქართველი ხალხი იქნება ჩვენთან ერთად“, – განაცხადა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები