ილია დარჩიაშვილი: აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება, რომელშიც ასახულია საქართველოს მხარდამჭერი ფორმულირებები, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და ადასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი Facebook- ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილად განიხილავს და განაგრძობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საქართველოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ისევე – როგორც ხელს უწყობს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.
როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი, რომელშიც ასახულია არაერთი კონკრეტული მიმართულება, სადაც კანონმდებლები საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაფართოებას უჭერენ მხარს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ქმედით დახმარებას, რასაც აშშ მიმართავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა.
კანონპროექტი საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით.