ლევან დავითაშვილი: თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს დერეფნის გამოყენებით, ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა, საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე

თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თურქმენეთში განაცხადა.

მისი თქმით, თურქმენეთთან ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, აშხაბადთან პირდაპირი ფრენები დაინიშნოს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

„ორმხრივი შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება ეკონომიკაში. ასევე ხელი მოეწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აშხაბადთან ჩვენ პირდაპირი ფრენები დავნიშნოთ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. თურქმენეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. განვიხილეთ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ის, რომ მოიხსნას ბარიერები ქართულ პროდუქციაზე და მეტ ქართულ პროდუქტს თურქმენეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. თურქმენეთი მნიშვნელოვანი ქიმიური მრეწველობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც აინტერესებს საქართველოს დერეფნის გამოყენება. საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით თავისი პროდუქციის გატანა. ეს არის დამატებითი ტვირთბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები. საუბარია რამდენიმე მილიონ ტონა დამატებით ტვირთნაკადზე საქართველოს დერეფნის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში დამატებითი ტვირთები გაჩნდება თურქმენეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. დღეს თურქმენეთი საქართველოში ნავთობ და ნავთობქიმიის პროდუქტებს აგზავნის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იაფი ენერგორესურსები შემოტანა განვიხილოთ და ამ საკითხზე ჩვენი სამინისტრო კოლეგებთან ერთად იმუშავებს მომავალშიც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები