ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა

2022 წლის 19 ივლისს აშხაბადში, თურქმენეთში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე რეგიონულ სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული ახალი შესაძლებლობები ქმნიან სამომავლო ურთიერთქმედების საგრძნობი გაძლიერების პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის 2023-2024 წლების პროგრამის ხელმოწერა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთქმედების გაძლიერებას საგარეო პოლიტიკის, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაფართოების, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და განვითარების საკითხებში. შეხვედრაზე მინისტრებმა ერთმანეთს მიულოცეს საქართველოს და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, რომელიც 2022 წლის 16 ივლისს აღინიშნა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დინამიკურად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები